დავით ზალკალიანი - აშშ-ის კონგრესის მხარდამჭერი აქტი, არის უპრეცედენტო ინიციატივა, რომლის მსგავსი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა
აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი, არის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მსგავსი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი არის ყოველდღიური ტიტანური შრომის შედეგი.
„როგორ შეგიძლია, ამის შემდეგ მოგიბრუნდეს ენა და თქვა, რომ საქართველო არ არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და რომ მცდელობებს ვაკლებთ იმაზე, რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის მოპოვება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სერიოზული რეფორმებისა და წარმატებული კურსის აღიარება, ასე მარტივად მხარდაჭერის მოპოვება არ ხდება“, – აღნიშნა მინისტრმა 2018 წლის ამბასადორიალის შეჯამებისას.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა კონგრესის ტექსტში აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მხრივ ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოწოდებას. მინისტრმა ოპონენტებსაც უპასუხა, რომლებიც საგარეო უწყებას ამ მხარდაჭერის არასათანადო გამოყენებაში ადანაშაულებენ. ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე და საპირისპიროს თქმა სპეკულაციაა.
„აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი სახის პოლიტიკური სპეკულაციები. გადავავლოთ თვალი საქართველოს საკითხების აქტუალიზაციას ყველა საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციისა თუ ორმხრივი ფორმატის დღის წესრიგში მთელი წლის განმავლობაში, უპრეცედენტო რაოდენობის რეზოლუცია, დეკლარაცია, და მხარდამჭერი განცხადებაა. ნახეთ 2008 წლიდან 2012 წლამდე რამდენჯერ იყო უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველოს საკითხი განხილული. მხოლოდ წელს სამჯერ განვიხილეთ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, უბრალოდ რახან მათი მხრიდან არის მსგავს საკითხზე აპელირება, მე უბრალოდ ფაქტებს გეუბნებით“, -აცხადებს ზალკალიანი.
მინისტრმა საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრისას საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერასა და მასზე გამოხმაურებებს გაუსვა ხაზი.