დავით ზალკალიანი - აშშ-ისთვის საქართველოს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
ყველა წინასწარი კომუნიკაციით ქართულ მხარეს აქვს იმედი, რომ საქართველოს პრობლემატიკა უმაღლეს დონეზე დაისმება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამერიკელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრობლემატიკა მაღალი დონის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ყოფილიყო. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა დონეზე და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ასეც იქნება. ბოლო დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს უპრეცენდენტოდ მაღალი აქტივობა და მათი მხრიდან ჩვენი პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენა სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ტერმინი ოკუპაცია აშშ-ის საკანონმდებლო აქტშია წარმოჩენილი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
„ძალიან რთულია დღევანდელ მსოფლიოში და არსებულ გეოპოლიტიკურ ფონზე, უამრავი გამოწვევებით დახუნძლულ მსოფლიოში, სადაც ძალიან ბევრი ცხელი წერტილია, რომ ჩვენი საკითხი იყოს სათანადოდ განხილული. ამაზე ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ყოველდღიურ რეჟიმში. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გაგებით ეკიდება. ყველა წინასწარი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან გვაძლევს იმედს, რომ ეს საკითხი იქნება უმაღლეს დონეზე გაჟღერებული“, – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.