დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი შეუქცევადი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად მაღალ დონეზეა
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილი არის კიდევ ერთი დასტური ორი ქვეყნის შეუქცევადი პარტნიორობის და მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა არის გამყარებული არამხოლოდ დეკლარაციებით, არამედ, კონკრეტული ქმედებებით.
„ამის ნათელი დასტურია ის, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე სხვა დასავლელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვქონდა ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე 2500-ზე მეტ სამოქალაქო პირს აღმოვუჩინეთ დახმარება. ამდენივე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე და ასევე შესაბამისი სამხედრო ტექნიკა იყო გაყვანილი საქართველოს ტერიტორიის გავლით და ჩვენ მივიღეთ არაერთი მხარდამჭერი და ასევე მადლიერების გამომხატველი წერილი ჩვენი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა და რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ზალკალიანის განცხადებით, ამის სურვილი არის კიდევ ერთხელ გამოხატული იმ წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენტონი ბლინკენისგან მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის.