საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც კიდევ უფრო ამყარებს მაღალი დონის აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და განიხილეს ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების გზები.
„ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, რა მხრივაც უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ს საბიუჯეტო კანონში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ჩანაწერი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა, მაღალი შეფასება მიეცა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს განხორციელებულ რეფორმებს, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.