დავით ზალკალიანი - აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია
აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის კონტექსტში, ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიუნხენში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ საკითხებს შეეხება საუბარი.
„უპრეცედენტოა თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს თავდაცვის სფეროში. გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გვექნება ხელშესახები შედეგები. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებს, რომელიც წარმატებით სრულდება და გვსურს, სტრატეგიული პარტნიორობის ეს მიმართულება კიდევ უფრო გაღრმავდეს. მხარდაჭერილია ნატო-ში ინტეგრაცია, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად გვესმის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პატრიკ შენაჰენს შეხვდება.