დავით ზალკალიანი - აშშ-ის ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისასალმებელია ის აქცენტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, კელი დეგნანმა გააკეთა.
ზალკალიანის შეფასებით, პროცედურები მოკლე ხანში დასრულდება და კელი დეგნანს ექნება შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობას შეუდგეს.
„ვფიქრობ, ეს პროცედურა სწრაფად გაივლის და ელჩს ექნება შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ ჩამოვიდეს საქართველოში, შეუდგეს თავის საქმიანობას. ჩვენთვის მისასალმებელია ის აქცენტები, რომლებიც მან გაამახვილა მოსმენის დროს. ფოკუსი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ამერიკის მხარდაჭერაზე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ამ განწყობით მოდის, აქვს ეს სურვილები, ეს ყველაფერი ითარგმნოს პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ასეც იქნება. საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ყველაზე მაღალი ბოლო წლების განმავლობაში. ასეთი მაღალი ურთიერთობა ჩვენ ამერიკასთან არ გვქონია. მისასალმებელია, რომ დაგნანმა აღნიშნული აქცენტები გაამახვილა და მის ჩამოსვლას საქართველოში მოუთმენლად ველოდებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს.