დავით ზალკალიანი - არჩევნებზე წელსაც დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა გვეყოლება
საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში წელსაც უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი დააკვირდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი წერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაგზავნილია, მათ შორის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაში.
„მზად ვართ, წლევანდელი არჩევნები, წინა არჩევნების მსგავსად, დემოკრატიულად და საერთაშორისო ნორმების დაცვით ჩატარდეს. დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაგზავნილია წერილი, მათ შორის მთავარ სადამკვირვებლო მისიასთან – ეუთო-ს მისია, რომ საქართველოში მოავლინონ დამკვირვებლები. წელსაც დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა გვეყოლება, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი და უზრუნველვყოფთ, რომ ეს არჩევნები ისეთივე კარგი იყოს, როგორიც წინა არჩევნები გვქონდა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.