დავით ზალკალიანი - არჩევნები რომ დემოკრატიულად ჩატარდება, ამის გარანტია არის საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ელემენტი იყო და პარლამენტმა უკვე მიიღო
ჩვენ დიდი ხანია, დავიწყეთ მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას აქვს ოფიციალური მოწვევა და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე რამდენიმე თვის წინ გააგზავნა ოფიციალური მოსაწვევები.
„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, რომელიც უკვე მიიღო პარლამენტმა და სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები, ვისაც პრეტენზია აქვთ დღევანდელ 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ამ კანონმდებლობის განხილვის პროცესში. აი, ეს არის მათი ხელწერა. უნდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, იცოდნენ, რომ მათ უნდათ მხოლოდ დეკლარირებულად ეს, რეალობაში კი უნდათ, რომ ქვეყანა წაიყვანონ დესტრუქციის მიმართულებით და არა კონსტრუქციულ ჩარჩოებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.