დავით ზალკალიანი - აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ გაერო-ს რეზოლუციას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს
აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ყოველწლიურად, ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა გვაქვს და წლევანდელი წელიც განსაკუთრებულია. მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ პირველად გავხსენით ეს რეზოლუცია თანასპონსორობისთვის და ის საქართველოსთან ერთად კიდევ 44-მა, ანუ მთლიანობაში, 45-მა ქვეყანამ დაასპონსორა, რაც ამ რეზოლუციის მიღების პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა. შესაძლოა, თანასპონსორთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რითაც რეზოლუციის მნიშვნელობა კიდევ უფრო გამყარდება და მეტ წონას შეიძენს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ისეთ მნიშვნელოვან ფორმატში, როგორიც გაერო-ს გენერალური ასამბლეაა, საქართველოს საკითხი ამ ფორმატის პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინავე, მნიშვნელოვან პოზიციებზეა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს მთლიანად ცივილიზებული, საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზული მხარდაჭერა და საქართველოს საკითხი აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, შარშანდელ წელთან შედარებით, რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა შემცირდა და ეს შემცირება სომხეთის მაგალითზე მოხდა.
„ქვეყანამ, რომელიც რეზოლუციის მიღების პირველივე წლიდან ამ რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა შორის იყო, წელს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და მინდა, მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თითოეული ხმის მოპოვებას ძალიან სერიოზული დიპლომატიური საქმიანობა სჭირდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია გაასმაგებული ძალებით ცდილობს, მხარდამჭერთა რაოდენობა შეამციროს და საქართველომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოს.
„ამ ხმების მობილიზაციაში გვეხმარებიან დიპლომატიური მისიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც გვერდით გვიდგანან. მერწმუნეთ, მცდელობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს, მარტივი საქმე არ არის და ეს წლიდან წლამდე უსერიოზულეს შრომას მოითხოვს. ჩვენ უკვე ხვალიდან ვიწყებთ მომავალი წლის რეზოლუციაზე ზრუნვას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.