დავით ზალკალიანი - აქტიურად ვართ ჩართული, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებზე მუდმივად იყოს საქართველოს თემატიკა
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვართ ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ მუდმივად, საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებზე იყოს საქართველოს თემატიკა და იყოს შესაბამისი შეფასებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანი განცხადებით, როგორც არასდროს, საქართველო არის ძალიან წინა პოზიციებზე საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რაც ადვილი არ არის, რადგან დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგი დახუნძლულია ძალიან მწვავე, ცხელი პრობლემებითა და მიმდინარე კონფლიქტებით.
„საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ეს ძალიან დიდი ენერგიისა და ძალიან დიდი მობილიზაციის შედეგად ხდება. ჩვენ ახალ ფორმატებსაც ვიყენებთ, ვცდილობთ, გავაჩინოთ ახალი ფორმატები, იგივე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი სამჯერ იყო განხილული. ჩვენ გამოიყენეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალი ფორმატი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსი, სადაც სამჯერ იყო მიღებული რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ასევე დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით რეზოლუცია, რომელიც მუდმივად, ყოველწლიურად გადის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, წელს ჩვენ ახალი დატვირთვა შევძინეთ, როდესაც გავხსენით ეს რეზოლუცია თანასპონსორობისთვის და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ქვეყნების მხარდაჭერა მივიღეთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ძალიანა აქტიურად მიმდინარეობის ორმხრივი ფორმატების გამოყენება, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.
„საქართველოს კონგრესის რეზოლუციებში უკვე საკანონმდებლო დონეზე ჩნდება ტერმინი – ოკუპაცია. ასევე გარკვეული დებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქცირებული იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობის დამყარებას. აშშ-ის კონგრესში მოხდა უპრეცენდენტო საკანონმდებლო აქტის ინიცირება, საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც ძალიან მკაფიო გზავნილები არის გაკეთებული ოკუპაციაზე. აქტიურად ვმუშაობთ ტატუნაშილი-ოთხოზორიას სიაზე. გარდა ამისა, კიდევ ახალი შესაძლებლობა გავაჩინეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების ფარგლებში, სადაც იქ მიღებულ გადაწყვეტილებებში რუსეთის ფედერაცია აღიარებულია, როგორც მხარე. ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს თემატიკა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის პრიორიტეტული. ასევე მინდა, ეუთო-ს ფორმატზეც ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ შევძელით და გავაჩინეთ ახალი ფორმატი – საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფორმატი, სადაც ასევე, მინისტერიალის გადაწყვეტილების პარალელურად, არის საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვართ ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ მუდმივად, საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებზე იყოს საქართველოს თემატიკა და იყოს შესაბამისი შეფასებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.