დავით ზალკალიანი - ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ეს რეალობა ოპოზიციური პარტიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო შეიქმნა
ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ეს რეალობა ოპოზიციური პარტიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო შეიქმნა, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა დისკომფორტს, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ არის.
ზალკალიანის განცხადებით, ის დამოკიდებულება, რასაც ოპოზიციური პარტიები ავლენენ, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება.
„ეს სწორი და კომფორტული არ არის. ამ სიტუაციაში ჩვენ ვერც ვიგრძნობთ თავს კომფორტულად, მაგრამ ეს ის მოცემულობა და რეალობაა, რომელიც შეიქმნა. ეს რეალობა შეიქმნა არა ხელისუფლების გამო, არამედ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავლენენ. ეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება. ამაზე ჩვენი მეგობრების გამოხმაურება დავინახეთ. ჩვენმა უახლოესმა მეგობარმა, ჯეიმს აპატურაიმ ძალიან მკაფიოდ გააჟღერა, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ჩვენ დავინახეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია ამ არჩევნების შეფასებაში. ჩვენ დავინახეთ, როგორ შეაფასა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ჩატარდა ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით.
დარღვევებზე და ხარვეზებზე საუბარია, მაგრამ ეს ერთი წუთითაც არ აყენებს ეჭვის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმაციას. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი ჩვენი პარტნიორი არ ამბობს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არ იყო. ამას მხოლოდ ის ოპოზიცია ამბობს, რომლებმაც ვერ მიიღეს მანდატი და იმ ადამიანებს საშუალებას არ აძლევენ, პარლამენტში შემოვიდნენ, რომლებმაც მანდატი მიიღეს და არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, რეგიონი რთული გამოწვევების წინაშე დგას და ასეთ დროს მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანი უნდა იყოს.
„შეხედეთ რეგიონს, რა მდგომარეობაა, როგორი გამოწვევების წინაშე დგას. შეხედეთ მსოფლიოს და ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება ერთიანი არ იყოს. ყველა პოლიტიკური სპექტრი ერთიანი უნდა იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.