დავით ზალკალიანი - ამ დროისთვის იტალიიდან ფრენების შეზღუდვას არ განვიხილავთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს, რათა კორონავირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია მოხდეს.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი. საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდანვე არის ჩართული ამ პროცესში და ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა ამ ვირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია მოხდეს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ შიდაუწყებრივ კოორდინაციაში ჩართული, არამედ საგარეო საქმეთა საინისტრო ასრულებს ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას იმ შესაბამისი განკარგულებით, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით გამოიცა. მუდმივ კონტაქტზე ვარ, როგორც სამეზობლო რეგიონში ჩემს კოლეგებთან (დღესაც მქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარი, გასული დღეების განმავლობაში ასევე ჟენევაში ვიზიტის დროს სომეხ კოლეგასთან საუბარი), ასევე მუდმივ კავშირზე ვართ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ირანთან. ყველა ზომას ვიღებთ, რათა ჩვენი პარტნიორები იყვნენ ინფორმირებულები და ჩვენც ვიყოთ მათგან ინფორმირებული იმ ზომების შესახებ, რა ზომებსაც ისინი იღებენ. ასევე, ჟენევაში ჩვენი მისია არის აქტიურ კომუნიკაციაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან, ძირითადი ინსტრუქციები მოდის ამ ორგანიზაციისგან, რა თქმა უნდა, ჩვენი ქმედებებიც თანხვედრაშია. ბუნებრივია, ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან, დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს. ყველა საელჩოში არის 24 საათიან რეჟიმში მოქმედი ცხელი ხაზი, შემოდის კითხვები, ამ კითხვებზე ხდება პასუხების გაცემა“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეზღუდვა არ განიხილება.
„იცით, რომ აეროპორტში არის მიღებული საგანგებო ზომები და ხდება ადამიანების შემოწმება, ამ მომენტში ჩვენ არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას. იცით, რომ ორი ქვეყანაა – ჩინეთი და ირანი, რომელთან მიმართებითაც იქნა ეს შეზღუდვები შემოღებული, მათ შორის სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით“ ,- განაცხადა ზალკალიანმა.
რაც შეეხება ტრაილერის მძღოლებისთვის თურქეთიდან საქართველოში შემოსვლის პირობების გამკაცრების საკითხს, ზალკალიანის თქმით, პრიორიტეტია ქვეყნის დაცვა ვირუსის გავრცელებისგან.
„რა თქმა უნდა, ყველგან გამკაცრებულია ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსის შემოღწევა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად მოქმედებს ეკონომიკაზე, მაგრამ ჩვენ პრიორიტეტების მიხედვით უნდა დავალაგოთ და ჩვენთვის უმთავრესი არის, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსის გავრცელებისგან“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით კი მინისტრი ამბობს, რომ ყოველგვარი ურთიერთობის დაბლოკვის წინააღმდეგი არიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ურთიერთობების დაბლოკვის და ამ საკითხზე ვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს, რომ მოხდეს განბლოკვა. თუკი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს რაიმე სახის დახმარება სჭირდებათ, იგივე, ამ ვირუსთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ ეს. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, ამიტომ ამას მსგავსი სახის დაკეტვა არ უშველის, ამას კოორდინაცია სჭირდება, რომლის მზაობაც ჩვენ გვაქვს“ ,- განაცხადა ზალკალიანმა.