დავით ზალკალიანი - ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტი უაღრესად სასარგებლოა
ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტი უაღრესად სასარგებლოა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, უაღრესად სასარგებლოა იმისათვის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაზე. ბუნებრივია, უსაფრთხოების სიტუაცია არის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა და ყველა არსებული პრობლემა მოგვარდეს მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ ჩვენი ინიციატივები ცნობილია და ის გაჟღერდა როგორც აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ასევე ერევანში ვიზიტის დროსაც. საქართველო მზად არის, ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში შევთავაზოთ თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა.
ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ არის რესურსი, მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე გაწიოს მედიაცია საქართველომ, მაგრამ შესაძლებელია ისეთ თემებზე, რაც დაკავშირებულია ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, მცირე და საშუალო ბიზნეს პარტნიორობასთან, ხალხთა შორის ურთიერთობასთან, ჰუმანიტარული კუთხით.
მზად ვართ, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიალოგი შედგეს. დარწმუნებული ვარ, თუკი ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია, ხელშესახები შედეგები დაიდოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.