დავით ზალკალიანი - ახალგორში რუსული სკოლის გახსნა ოკუპაციის, ფაქტობრივი ანექსიისა და უკანონო ქმედებების ნაწილია
ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლის გახსნა ოკუპაციის, ფაქტობრივი ანექსიისა და იმ უკანონო ქმედებების ნაწილია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ჩვენ მსგავსი ფაქტები გვაქვს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვა და ბუნებრივია, ეს არის ნორმების უხეში დარღვევა, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ყველა ფორუმზე ჩვენს პარტნიორებთან. მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არის, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს რუსეთის ფედერაციასთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლა დღეს გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩი და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები დაესწრნენ.