დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი სერიოზული გზავნილია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან გვაახლოებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის მხრიდან და იმის დასტური, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რეზოლუციაში მოცემული გზავნილები არის სრულ თანხვედრაში საქართველოს პრიორიტეტებთან.
„ჩვენი ლიდერობა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის აღიარებულია ევროკავშირის მხრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ რეზოლუციაში გაჟღერებული გზავნილები არის სრულ თანხვედრაში საქართველოს პრიორიტეტებთან.
უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, რათა ჩვენი მისწრაფებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტთან მიმართებაში, თუ რა მოლოდინები გვაქვს 2020 წლის შემდეგ, იყოს სათანადოდ ასახული ევროკავშირისა და ევროპარლამენტის უმაღლესი დონის დოკუმენტებში“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რომ ქვეყნის მისწრაფებები არის სრულ თანხვედრაში ევროპარლამენტის რეზოლუციის დებულებებთან.
„პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ევროპული მისწრაფების და ევროპული არჩევანის აღიარება. მეორე, რომ საქართველოს მოლოდინი, სწრაფად მოხდეს მისი ინტეგრაცია საერთო ევროპულ ბაზარში, არის ასევე ასახული ამ დოკუმენტში. მესამე მიმართულება – ჩვენი პრიორიტეტი და დამოკიდებულება პრინციპისადმი – „მეტი მეტისთვის“, ანუ დიფერენცირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა, ესეც ასახულია დოკუმენტში.
ევროკავშირი აღიარებს პრინციპს, როდესაც პარტნიორი ქვეყანა აკეთებს მეტს ინტეგრაციული პროცესების მიმართულებით, ის უფრო მეტს იმსახურებს. ჩვენ ამ მიმართულებით ასევე გვაქვს ხელშესახები შედეგები. კერძოდ, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა იყო ძალიან სერიოზული და ხელშესახები. ეს ითარგმნა არა მხოლოდ დეკლარაციაში, არამედ – პრაქტიკულ განზომილებაში.
მეოთხე და მთავარი მიმართულება – უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობაა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის მიუღებლობა და რუსეთისთვის, როგორც აგრესიის განმახორციელებელი ქვეყნის მიმართ შეფასებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს სრული გაგება. ეს დოკუმენტი მართლაც ასახავს ჩვენს საერთო მისწრაფებებს და პრიორიტეტებს. ეს კიდევ ერთი სერიოზული გზავნილია, რაც გვაახლოებს ევროკავშირთან საბოლოო მიზანთან, რაც არის გაწევრიანება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს.