დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ბრიუსელში დღეს გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ერთი თვით ადრე იმართება და მიზნად ისახავს დისკუსიის წარმოებას სამიტის მთავარი თემების ირგვლივ.
„დავით ზალკალიანი კოლეგებს გაუზიარებს ქართული მხარის მოლოდინებსა და პრიორიტეტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა სამიტის დეკლარაცია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივები, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული მიმართულებებით და ამ მხრივ, შავი ზღვის პოტენციალის ათვისება, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა, ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება და ა.შ.
ვიცე-პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და კოლეგებთან ერთად იმსჯელებს ევროკავშირის როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე„ აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მინისტერიალის პარალელურად, დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარ ოლივერ ვარჰეისთან, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების უფრო ფართო სპექტრს განიხილავს.