დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვა ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის გამოვლინებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვა არის ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის პირდაპირი გამოვლინება, რაზეც მანამდეც ყოფილა შემთხვევები.
„სამწუხაროდ, დღესაც ვაწყდებით მსგავს პრობლემას. ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, საერთაშორისო საზოგადოება მას არც განიხილავს და არც მიიღებს. მაგრამ ამ საკითხის ინიცირებით ჩვენი ქმედება უნდა მივმართოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო ფორმატში.
დაუყოვნებლივ არიან ინფორმირებული ჟენევის თანათავმჯდომარეები. ყველა საერთშორისო ორგანიზაციაში, ყველა ფორმატში, რომელიც არის უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან და ამ პრინციპების დარღვევასთან, ყველა ამ თემას ძალიან მწვავედ დავაყენებთ, რათა თემაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება იყოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო.