დავით ზალკალიანი - 2030 წლისათვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“ წარდგენისას, დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დასახულ გეგმებზე.
მისი განცხადებით 2030 წლისათვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი.
„ხელშესახები პროგრესი უნდა იქნეს მიღწეული საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულს დიდწილად განაპირობებს მიმზიდველი, წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და სათანადო ყურადღება ექცევა ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.
„შესაბამისად მომდევნო ათი წლის მანძილზე, საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის ეფექტიანი მუშაობის და კომისიის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოხდება მოქმედი კომისიის მიერ ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის წარმართვა და მის ფარგლებში ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და მისი შემდგომი იმპლემენტაცია, არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მობილიზებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტებს შორის დამკვიდრების აუცილებლობაზე, როგორც აშშ-რუსეთისა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებში, ისე გაერო-ს, ეუთო-სა და ევროსაბჭოს დღის წესრიგში.
დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერება და აღნიშნული პლატფორმის საშუალებით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, დევნილთა დაბრუნების საკითხზე ხელშესახები პროგრესის უზრუნველყოფა.
„კერძოდ: რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და დეოკუპაციის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნების პროცესის დაწყება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჟენევის ფორმატმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. შეუძლებელია, დაუსრულებლად ვიყოთ პროცესში მხოლოდ პროცესისათვის. აუცილებელია საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები“,- განცხადა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, აუცილებელია პირდაპირი, გაბედული დიალოგის განხორციელება საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ თანამემამულეებთან. უნდა მოხერხდეს შერიგება, ნდობის აღდგენა, ურთიერთობების გაღრმავება და საბოლოო ჯამში მშვიდობიანი და წარმატებული თანაცხოვრება ერთ ევროპულ სახელმწიფოში.