დავით ზალკალიანი - ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია არის ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
დავით ზალკალიანი - ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია არის ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია არის ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რეკორდულად სწრაფად განვახორციელეთ ყველა ის რეფორმა და დავალება, რომელიც იყო აუცილებელი თავისუფალი სავიზო ლიბერალიზაციის მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან ის იყო ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის ევროპული მისწრაფების აღიარება.

„2013 წელს, როდესაც ჩვენ მივიღეთ სამოქმედო გეგმა, ეს იყო ერთგვარი საშინაო დავალება იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც იყო ერთგვარი კრიტერიუმი ქვეყნისთვის თავისუფალი ვიზის მიმოსვლის და შეიძლება ითქვას, რეკორდულად სწრაფად განვახორციელეთ ყველა ის რეფორმა და ყველა ის დავალება, რომელიც იყო აუცილებელი თავისუფალი სავიზო ლიბერალიზაციის მიღებისთვის. ეს რა თქმა უნდა არის მთლიანად იმ სახელისუფლო გუნდის დამსახურება, რომელმაც განახორციელა ეს კომპლექსური სამუშაო და რეკორდულ დროში, 2015 წელს უკვე იყო გაცხადებული, რომ საქართველო მიიღებდა თავისუფალ გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგანაც ეს იყო ევროკავშირის მხრიდან აღიარება ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის, ჩვენი ევროპული მისწრაფების და იმ რეფორმების და ნაბიჯების, რომელიც იყო სრულ თავსებადობაში და თანხვედრაში ევროპულ ფასეულობებთან. მეორე განზომილება, მნიშვნელობა ამ სავიზო ლიბერალიზაციის გახლავთ პრაქტიკული განზომილება. ანუ ის სიკეთეები, რა სიკეთეებიც მიიღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა და საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ სიკეთით, ევროპაში თავისუფალი გადაადგილებით, მილიონ-ნახევარზე მეტი ვიზიტია განხორციელებული და ეს არ არის მხოლოდ ტურისტული მიზნით ევროკავშირში ჩასვლა და მონახულება, რაც თავისთავად ძალიან კარგია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპასთან დაახლოებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

„ამავე დროს ეს ემსახურება ჩვენს დაახლოებას ევროპასთან, ემსახურება ჩვენი მოქალაქეების უკეთ ინტეგრირებას ამ ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან. ძალიან კარგია საგანმანათლებლო თვალსაზრისით, იმისთვის ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ძალიან კარგია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით, რადგანაც ამ თავისუფალი გადაადგილებით ისარგებლა ათობით ათასმა ჩვენმა ბიზნესმენმა, რომლისთვისაც მოგეხსენებათ, ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ბიოროკრატიული მექანიზმები და ეს არის სწორედ ის პრაქტიკული განზომილები, ხელშესახები შედეგი, რომელსაც გრძნობს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქამდე მოუწია და მომავალშიც მოუწევს ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება და სწორედ ეს არის, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე და როდესაც სულ ცოტა ხნის წინ. პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ჩვენს განაცხადს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, სავიზო ლიბერალიზაცია, ისე როგორც ასოცირების შეთანხმება, ისე როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რა სიკეთე მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სანუკვარი მიზანი როდესაც ახდება და ქვეყანა სრულფასოვანი წევრი გახდება ევროკავშირის, მაშინ მთლიანად ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უფრო სრულფასოვნად შეიგრძნობს იმ სიკეთეს, რა სიკეთეც არის საქართველოს ინტეგრაცია და გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა ზალკალიანმა.