დავით ზალკალიანი - ალიანსის წევრი ბევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ საქართველო ნატო-ს სხვა ასპირანტ ქვეყნებზე გაცილებით წინ არის
საქართველოს მიღწევები ალიანსის მხრიდან შეფასებულია უმაღლეს დონეზე. ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო გარკვეულწილად უფრო წინ დგას, ვიდრე ზოგიერთი სხვა ასპირანტი ქვეყნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოპენჰაგენში დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა გახდა პოლიტიკური დისკუსიის საგანი.
როგორც დავით ზაკალიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო კვლევებით საქართველოს მოსახლეობის 75% მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, 85 %-ზე მეტი კი – ევროკავშირში ინტეგრაციას. მინისტრის თქმით, სწორედ ეს ძალიან მყარი და ძლიერი მხარდაჭერა უბიძგებს მთავრობას, გააგრძელოს მტკიცე და მდგრადი ნაბიჯები როგორც ნატო-ში ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.
მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის მუშაობა.
„საქართველო გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამჟამად იქ 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა მივლენილი და მხარდამხარ ვიბრძვით ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანელებთან და ამერიკელებთან. სამწუხაროდ, ამის თანმდევია ხშირად ფატალური შედეგებიც. ამ დრომდე, ავღანეთში მიმდინარე მისიის განმავლობაში 32 ქართველი მოსამსახურე დაიღუპა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დამეთანხმებით, ეს დიდი ციფრია, თუმცა საქართველო ერთგულია ამ მხარდაჭერის“, – განაცხადა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. დავით ზალკალიანის განმარტებით, დემოკრატიული, თავდაცვისუნარიანი და ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველო უნდა შედიოდეს, მათ შორის რუსეთის ინტერესებშიც.