დავით ვოლკოვი - ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ნაკრებში კარგი განწყობაა #1TVSPORT
დავით ვოლკოვი საქართველოს ნაკრებთან ერთად ალბანეთშია და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ და მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულოთ. ვფიქრობ, ალბანეთი იგივე დონის გუნდია, როგორსაც ივნისში ერთა ლიგაზე შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდთან კარგი ამხანაგური თამაში იქნება. შევეცდებით, ამ მატჩშიც გავიმარჯვოთ და ერთა ლიგის დაწყებას კარგი განწყობით შევხვდეთ“, – ამბობს დავით ვოლკოვი.
დავით ვოლკოვი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებში გამოიძახა, სადაც 26 წლის თავდამსხმელმა თავი გამოიჩინა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისი ხელახლა მიწვევა გადაწყვიტა.
„ბოლო მატჩებში ვიხილეთ დავით ვოლკოვი, რომელიც ვიღაცების აზრით, სხვებზე ნაკლებ ნიჭიერია, მაგრამ ჩაერთო შვედეთთან მატჩში, ან როგორ ითამაშა უზბეკეთთან? მან თავისი შანსი გამოიყენა, ყველაფერი გაიღო, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდში დაბრუნება დაიმსახურა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.