პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა დღეს საარჩევნო ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გამართა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის ლოგო იქნება: საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანი.
მისი განმარტებით, სახელმწიფოს მეთაურის მთავარი საზრუნავია ამ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის თანაბარი გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება.
„ჩვენ სამშობლოს ჩვენმა სახელმწიფომ უნდა უპატრონოს. მრავალპარტიული სხვადასხვაობა საერთო-სახელმწიფოებრივმა ერთიანობამ უნდა დააბალანსოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო სლოგანი იქნება: „მეტი>შეგვიძლია“
„გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია – ამიტომ ბევრი ან ტოვებს ქვეყანას, ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს. ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს. „მეტი>შეგვიძლია“ ნიშნავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენას და განმტკიცებას; საჭიროა დავიბრუნოთ აღმაშენებლის, ექვთიმეს, ანწუხელიძის დარი რწმენა, რომ შეგვიძლია და მაშინ ყველაფერს შევძლებთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.