დავით უსუფაშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს
„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საბოლოოდ შეთანხმება შედგება.
„იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ამის იმედი მაქვს. ჩვენი მხრიდან კეკლუცობა, ტაქტიკა არ არის, რომ მოლაპარაკებებზე დავდივართ. არა, შედეგზე ვართ ორიენტირებული და შედეგს მივაღწევთ“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, „თუ შედეგი ვერ მიიღწევა, „შენების მოძრაობა“ რევოლუციურ სცენარს განიხილავს? ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესები იგივენაირად განვითარდეს“, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა რევოლუციას ხელისუფლება ამწიფებს.
ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა რევოლუციური ცვლილება საქართველოში აღარ მოხდეს.
„ხელისუფლებას შეყავს ხოლმე მდგომარეობა ჩიხში და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს და ამისთვის ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს, ამ ჩიხიდან გამოვიდეს“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური პროცესის იგნორირებას შეეცდება, შესაძლოა, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს.