დავით უსუფაშვილი - საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლიტიკური ჩიხი, საითაც ერთპარტიული მმართველობის მსურველმა ხელისუფლებამ წაიყვანა და აქედან გამოსავალი უნდა მოვძებნოთ
საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ის პოლიტიკური ჩიხი, საითაც ერთპარტიული მმართველობის მსურველმა ხელისუფლებამ წაიყვანა და აქედან გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, – ასე უპასუხა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს კითხვას, რომელიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებების მაგიდაზე ოპოზიცია მონდომებულია, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს მშვიდობიანად, სწორად და ქვეყანას ჰყავდეს ხალხის ნების გამომხატველი პარლამენტიც, მთავრობაც და ზოგადად დამშვიდდეს ვითარება.
„საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ის პოლიტიკური ჩიხი, საითაც ერთპარტიული მმართველობის მსურველმა ხელისუფლებამ წაიყვანა და აქედან გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ესაა სწორედ მოლაპარაკებების ამოცანა. ჩვენ ვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ გამოსავალს. შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნები, თუ გნებავთ რიგგარეშე არჩევნები, ეს არის კონსტიტუციური მექანიზმი და ინსტიტუტი. სწორედ იმიტომ არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაშიც და ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაშიც, რომ მსგავსი პოლიტიკური კრიზისები გადაწყდეს ისევ და ისევ ხალხის ნებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური ელიტის რაღაც მოკვარახჭინებული შეთანხმების საფუძველზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.
ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.