დავით უსუფაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტ მამუკა ხაზარაძეს
დავით უსუფაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტ მამუკა ხაზარაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტ მამუკა ხაზარაძეს, – ასე წარადგინა პარტიის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა მამუკა ხაზარაძე პრემიერობის კანდიდატად.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ლელო საქართველო“ წარმოადგენს არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, შემართებას, ენერგიას, ახლებურ მიდგომას და ახლებურ მმართველობას.

„ლელო საქართველოსთვის“ არის ყველაზე უფრო საინტერესო და საყურადღებო პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე. „ლელო“ არის ახალი იმედი, ახალი ძალა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას, ამომრჩეველს შესთავაზა უნიკალური ახალი არჩევანი. „ლელო“ არის ყველაზე თანმიმდევრული ძალა, დღიდან დაარსებისა „ლელომ“ გამოაცხადა თავისი ხედვა, გეზი და საქართველოს შეჰპირდა იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება, ძველი არ დაბრუნდება და ახალი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს. ეს იქნება „ლელოს“ საპატიო მისია პოლიტიკურ სივრცეში და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან გვაქვს ადეკვატური პროგრამა, „ლელოს მარშალის გეგმა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიას ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შემდგარია ძლიერი პროფესიონალებისგან.

„გვაქვს ხედვა ქვეყნის, გვაქვს ევროპული საქართველოს ხედვა. ჩვენ საქართველოს ვაქცევთ ევროპული სტანდარტის სახელმწიფოდ, სადაც კეთილდღეობა, თავისუფლება და უსაფრთხოება ერთდროულად არის ძალიან მაღალ დონეზე მიღწეული. ამას სჭირდება კომპლექსური ხედვა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ის დაუღალავი შრომა, რომლითაც დაკავებული ვიყავით თვეების განმავლობაში და ახლა უკვე 10 ათასობით საქართველოს მოქალაქე ამაყად ატარებს „ლელოს“ წევრის ან მხარდამჭერის სახელს. მათთან ერთად ამ არჩევნებზე მივაღწევთ სერიოზულ წარმატებას, ვიქნებით ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირებაში. გვაქვს ამბიცია, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, გავუძღვეთ მთავრობას და ძალიან სერიოზული წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ დავასრულებთ იმ ეპოქას, როდესაც არჩევნებში გამარჯვება ვიღაცასთვის ნიშნავდა ქვეყანაში ადგილის ვეღარ პოვნას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პარტია „ლელო“ გააერთიანებს საქართველოს, საზოგადოებას და ერთიანი ძალებით გადალახავს იმ კრიზისს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა.

„ქვეყანა იყო ძალიან მძიმე კრიზისში „კოვიდის“ შემოტევამდე და „კოვიდმა“ ვიცით, სადამდე გაართულა ჩვენი პრობლემები. ამიტომ არის საჭირო სწრაფი ტემპით, სწრაფი ნაბიჯებით, ენერგიით და დინამიზმით, გაერთიანებული რესურსით წინსვლა, რათა ჩვენ საქართველოში ვნახოთ ის, რაზეც ოცნებობდა ქართველი ხალხი, რაც გამოვაცხადეთ 30 წლის წინ, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხეთ მისი რეალიზება და რეალობად ქცევა. ამ პროცესში ვართ მემკვიდრენი იმ დიადი და დიდი წინაპრებისა, რომლებმაც მე-19 საუკუნეშიი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიაღში გაიაზრეს და წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა, თანამედროვე, სახალხო სუვერენიტეტზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა, ჩვენ ვართ იმ დიდი წინაპრების საქმის გამგრძელებლები, რომლებმაც 18-21 წლებში, საქართველოში შექმნეს უმაღლესი ევროპული სტანდარტების სახელმწიფო. ჩვენ თავდაჯერებული მივდივართ საარჩევნო წარმატებისკენ.

დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ „ლელო საქართველოს“ კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომას და ახლებურ მმართველობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.