დავით უსუფაშვილი - საპრეზიდენტო კანდიდატთა ფინანსურ საშუალებებს შორის უდიდესი დისბალანსია
მოქალაქეებმა გაიხედ-გამოიხედონ და დაინახავენ, რა ხდება – ვის ხელშია უზარმაზარი, შეუზღუდავი ფინანსური საშუალებები და ვის ერიდებიან ბიზნესმენები სათოფეზე, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„კანდიდატთა ფინანსურ საშუალებებს შორის უდიდესი დისბალანსია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პოლარიზებული მედიაა.
„ჩემი შეფასებით, თქვენ, პირველი არხი რაღაცებს ცდილობთ, მაგრამ ხან გამოგდით, ხან არა. თუმცა, ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ორი სხვა ეროვნული მაუწყებლიდან ერთი ერთი ბანაკის სამსახურშია, მეორე კი – მეორე ბანაკის. ეს ახალი პრობლემა არ არის. ამ ტიპის პრობლემები განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, წინ ვერ გადავდგით ნაბიჯი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრობლემაა ასევე ადმინისტრაციული რესურსი, საჯარო მოხელეები, რომლებსაც თავში ისევ იმას უნერგავენ, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მათი კეთილდღეობისა და სამსახურში ყოფნისთვის აუცილებელია.
„ეს სამარცხვინოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპის კარზე აკაკუნებს, ევროასოცირებაზე საუბრობს და ა.შ. არადა, ამ ყველაფერს, ბიზნესის და საჯარო მოხელეების გათავისუფლებას, ძალიან მარტივი რამ სჭირდება. საკმარისია, მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდეს – ხალხო, თქვენ თავისუფალი ხართ და თუ თავისუფალი არჩევანის გამო ვინმე უბატონოდ გაგცემთ ხმას, გარანტი აგერ ვარ, რომ არავინ დაზარალდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.