დავით უსუფაშვილი - როგორც იურისტს შემიძლია, გითხრათ, ბრალდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, კონსტიტუცია მთლიანად არის წასაკითხი
კონსტიტუციაში გვიწერია, რომ თავად პრემიერს უნდა ჰქონდეს პარლამენტის ნდობა და არა პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პრემიერის ნდობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„როდესაც პრემიერმა გამოგვიცხადა, პრეზიდენტმა ჩემი ნდობა დაკარგა და გადავწყვიტე, დიახ, შემეზღუდა მისთვის გადაადგილების თავისუფლებაო, უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს პრემიერმა პრეზიდენტის ნდობა დაკარგა?! მე მგონი, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ თავად პრემიერს უნდა ჰქონდეს პარლამენტის ნდობა და არა პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პრემიერის ნდობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი სწორად და თავის დროზე მიუთითებდა, რომ ის არ კეთდება, რაც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო, პრემიერმა ეს პერსონალურ შეურაცხყოფად მიიღო.
„რადგან პერსონები ჩვენ საზოგადოებაში, წინა ხელისუფლებაში, იმის წინაშიც და დღესაც თავს აიგივებენ ქვეყანასთან და ქვეყნის ინტერესებთან, როგორც კი მის ინტერესებს შეეხო, მან დაკარგა ნდობა. მერე რა მოიმოქმედა? – შევუზღუდე გადაადგილების თავისუფლებაო. და რაში შეუზღუდა? მათ შორის, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენის გახსნაზე დასწრებაში. ანუ, მან დასაჯა პრეზიდენტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის მიხედვით, უფლებამოსილების გარკვეული ნაწილის განხორციელებისას პრეზიდენტმა უნდა მიიღოს მთავრობის თანხმობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ამ პიროვნების მიმართ პრემიერის განწყობაზე და ხასიათზეა დამოკიდებული და მთავრობის თანხმობა უნდა იყოს გონივრული, აზრიანი და დასაბუთებული.
„დღეს რომ დისკუსიაში შევიდა საქმე და კითხვები დაისვა, კი მაგრამ პრეზიდენტი საქართველოშიც რომ ელჩს შეხვდება, აქაც ხომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაა და ე.ი. თანხმობაა საჭირო? რაღაც ითქვა, მდუმარე თანხმობას ვაძლევთ ამ დროსო, ანუ, კეთილ ნებას ვიჩენთ, თორემ პრეზიდენტი სახლში უნდა იჯდეს და არ უნდა გაინძრესო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ბოლოსდაბოლოს დაიწყო პრეზიდენტობა თავისი ექვსწლიანი ვადის დაახლოებით მეხუთე წლის დასაწყისში, რადგან ის ახლა გამოვიდა იმ მორალურ-ფსიქოლოგიური წნეხიდან, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან მოჰყვებოდა და როგორც კი მან პრეზიდენტის პასუხისმგებლობა გამოავლინა, ხელისუფლებას პოლიტიკური და პერსონალური შიშები გაუჩნდა, რომ პოლიტიკური ქულები სხვამ არ დაიწეროს, ამ ძალიან უბადრუკმა პერსონალურმა და, მეორე მხრივ, ავტორიტარულმა ძალაუფლებით თრობამ კი იმპიჩმენტის პროცესამდე მიგვიყვანა.
მისივე თქმით, ბრალდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, არის დაუსაბუთებელი ბრალდება.
„ამ წუთის მდგომარეობით, მე ასი პროცენტით შემიძლია, გითხრათ – როგორც იურისტს, მჯერა, რომ ეს არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი ბრალდება. კონსტიტუცია მთლიანადაა წასაკითხი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული ეს ძიძგილაობა ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, რა უფრო გაუხარდება, რომ ახლა ასეთი შეთითხნილი ბრალდებით გაუშვან სახლში და ამით ადამიანურადაც, ზნეობრივადაც, პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც კვარცხლბეკი შეუქმნან ხვალინდელი საქმიანობისთვის და ადგილისთვის ისტორიაში. იმპიჩმენტირებული სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო თამამად და თავისუფლად ივლის მთელ ევროპაში, თუკი სასიარულო აქვს და განზრახული აქვს. ანუ, ის ამას გააგრძელებს. ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაზარალდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.