დავით უსუფაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ოცეულში გაგვაცნო რამდენიმე საინტერესო სახე და მათ მოაყოლა ის ხალხი, რომლებიც გამოირჩევიან ერთგულებით და არაფრის კეთებით პარლამენტში
საქართველოში ორპოლუსიანობის ტრაგიკომედია თამაშდება, რომელიც 31 ოქტომბერს როგორმე უნდა დავამთავროთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიასა და პროგრამაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩვეული ტრიუკი განახორციელა. გაგვაცნო პირველ ოცეულში რამდენიმე საინტერესო სახე, პროფესიონალი და მას მოაყოლა მეორე და მესამე ოცეული, ძირითადად, ის ხალხი, რომლებიც გამოირჩევიან ერთგულებით და არაფრის კეთებით პარლამენტში. ასე რომ, ამ ხალხის სახით მომავალ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება საინტერესო ოპოზიცია. ორი მოწვევის პარლამენტში ყოფნამ მათ შესძინათ უნარ-ჩვევები, რომ დასვან კითხვები და ოპონირება გაუწიონ მომავალ ხელისუფლებას, რომელშიც „ოცნების“ ადგილი აღარ იქნება. ამაზე არა მარტო გუნდის კომპოზიცია მეტყველებს, არამედ გუნდის ლიდერის აბსოლუტური ამოწურვა და გამოწურვა იდეებისგან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ 2012 წელი გაახსენა.
„დღევანდელ მოხსენების ფრაგმენტებს რომ ვისმენდი, მეგონა, 2012 წელს რომ იწერებოდა ხოლმე მისი გამოსვლები, იქიდან გადმოღებული ფრაზები იყო, რადგან ისევ ებრძვის წინა ხელისუფლებას, რვა წლის შემდგომაც ვერ დაამარცხა და დაგვანებოს თავი, ჩვენ დავამარცხებთ იმ ძველსაც და ახალსაც. თორემ აი, ამ გზით და ამ საშუალებით ეს ორი პოლუსი ერთმანეთს აცოცხლებს. აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არ ჰქონდეს სალაპარაკო „ოცნებას“, რომ აი, მიშა ბრუნდება, რევანშისთვის ემზადება, საერთოდ რას ეტყოდა ხალხს, ვერაფერს. ისევე, როგორც იქით მხარეს, ივანიშვილს ამდენი შეცდომები რომ არ დაეშვა და ქვეყანა ამ დღემდე არ მოეყვანა, რა ექნებოდა სალაპარაკო ყოფილ ხელისუფალს. ასე რომ, აი, ეს ორპოლუსიანობის ტრაგიკომედია თამაშდება საქართველოში, რომელიც 31 ოქტომბერს როგორმე უნდა დავამთავროთ. ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, მათ შორის „ლელო“, რომელსაც შესწევს ძალა, ქვეყანა წინ წაიყვანოს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.