დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული „ლელოს“ მიმართ, ეს იმით აიხსნება, რომ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი და პოპულარობა აქვს საქართველოში
პარტია „ლელო“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან ცრუ ბრალდებები ისმის.
უსუფაშვილის თქმით, ეს ყველაფერი საქართველოში „ლელოს“ მზარდ რეიტინგს უკავშირდება.
„სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ. სრულიად წარმოუდგენელი, არნახული ტყუილები, შეთითხნილი ბრალდებებია „ლელოს“ მიმართ. ახლა გვეუბნებიან, თურმე ჩვენ ვაპირებდით ცესკო-ს თავმჯდომარის უბედურებას, შემდეგ ცესკო-ში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ამით არჩევნებში გამარჯვებას. სირცხვილის მიღმა რომ რაღაცებია, ეს უკვე იქ მდებარეობს. ეს აიხსნება იმით, რომ „ლელოს“ აქვს მზარდი რეიტინგი და მზარდი პოპულარობა საქართველოში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს, უსუფაშვილის განცხადებით, „ლელოს“ პოზიციები სრულ თანხვედრაშია დემოკრატიული ევროპის, ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური დაწესებულების, ვენეციის კომისიის დასკვნასთან.
„„ლელოს“ პოზიცია სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციებთან, რომელსაც 9-პუნქტიან რეკომენდაციებში კონრკეტულად აქვს მინიშნება, რომ ესაა გამოსასწორებელი. თუ არ გვინდა ევროპა, თუ გვინდა რუსული ტიპის არჩევნები, ბოლომდე თუ უნდათ, ეს ინსტიტუციურად გაამაგრონ, მაშინ ვეტოც უნდა დაძლიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.