დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, არ აქვს 100 ხმა იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის, ამიტომ მიდის სხვა გზით
დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, არ აქვს 100 ხმა იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის, ამიტომ მიდის სხვა გზით

საქმე გვაქვს იმასთან, რაც მოსალოდნელი იყო 2018 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. მაშინ, მეც და სხვა ბევრი ამბობდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოახერხებდა გადაეყლაპა ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ გააკეთებდა და პირიქით, „ქართული ოცნება“ ვერ გადაყლაპავდა ყველაფერს, რასაც ზურაბიშვილი გააკეთებდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, არ აქვს 100 ხმა იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის.

„ამ მომენტმა უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე იჩინა თავი და საქმე გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“ ტრადიციულ გამოვლინებასთან, როდესაც როგორც კი, მის მიერ მხარდაჭერილი, თუ არჩეული პირი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, უკვე აღარ მოსწონს, მას ადანაშაულებს ოპოზიციასთან თანამშრომლობაში და კონსტიტუციის დარღვევაში. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე არ არის, არ აქვს 100 ხმა იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის. ამიტომ, მიდის სხვა გზით. გაუგებარია, ამ თემებს პარტიის პოლიტსაბჭო როგორ აცხადებს, რადგან ასეთ დავებთან პარტია არაფერ შუაშია. ეს არის სულ სხვა დავა, ორგანოებს შორის. ამ დავას სასამართლოში საიმპიჩმენტო პროცედურები არ მოჰყვება. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაქსიმალური დაწოლა პრეზიდენტზე და პარტიის განცხადების 3/4 ეძღვნება იმას, რაშიც არ ეთანხმებიან პრეზიდენტს და ამოკრეფილია რაღაცები წარსულიდან. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მხოლოდ დაყოფა, გაყოფა და ახლაც ეს გზა აირჩიეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.