დავით უსუფაშვილი - პირველი აგვისტოდან უნდა მქონდეს სრული სიცხადე, ვისთან ერთად მივდივარ ბრძოლაში, გიორგი მარგველაშვილი განსჯის აქტიურ ფაზაშია
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეძლებს პოლიტიკური ასპარეზზე ისეთი გუნდის გამოყვანას, რომელიც საქართველოს სჭირდება.
რაც შეეხება მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს გარკვეული დრო სჭირდება და ახლა განსჯის აქტიურ ფაზაშია.
„შედგა ჩვენი პირველი საუბარი. ამ საუბრის შემდეგ მე ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი. მომავალი კვირის განმავლობაში ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. მე მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი. თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება ამ პროცესში ჩართული, მზად ვართ, განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც. თუ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ არ იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ცალკე აღებული ვერ პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს, საჭიროა საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მომპოვებელი გუნდის შექმნა. ამ საკითხში ჩვენ ვთანხმდებით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, თუ გიორგი მარგველაშვილi დამოუკიდებლად ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებშi, დაუჭერს თუ არა მას მხარს, დავით უსუფაშვილი პასუხობს: “მე ვსაუბრობ იმაზე, რაც მიმაჩნია სწორად. მე ვცდილობ, ამაში დავარწმუნო ყველა. მომავალი კვირის განმავლობაში ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. პირველი აგვისტოდან მე პირადად მინდა, მქონდეს სრული სიცხადე, ვისთან ერთად მივდივარ ბრძოლაში ამ ეტაპზე. ეს შესაძლებელია, ეს რეალისტურია და გიორგი მარგველაშვილიც აქტიური განსჯის ფაზაშია”, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.