დავით უსუფაშვილი - ოლიგარქია, ისევე, როგორც კორუფცია, ძალადობა და ქურდობა, არის მოვლენა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს
ივანიშვილთან ჩვენი პოლიტიკური კონტრაქტი გულისხმობდა იმას, რომ ის მიდიოდა პოლიტიკიდან და ქვეყანაში მრავალპარტიული კოალიციური მმართველობა დამკვიდრდებოდა. ივანიშვილმა ეს ვერ მოახერხა, უღალატა თავის პრინციპებს, სიტყვებს და თავის განაცხადს მსოფლიოს წინაშე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იყო სწორი ინსტრუმენტი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად.
„2011-დან 2012 წალამდე, ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ ვსაუბრობდით, რომ უნდა შეგვეცვალა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და ივანიშვილი მიდიოდა პოლიტიკიდან. ეს იყო ივანიშვილის განზრახულობა და ეს იყო კოალიციური შეთანხმება. ივანიშვილმა ვერ შეძლო, ვერ მოახერხა პოლიტიკიდან წასვლა, ქვეყანა და თავისი თავი ამ პრობლემებამდე მიიყვანა. ბიძინა ივანიშვილი იყო სწორი ინსტრუმენტი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად. სააკაშვილს ქვეყანა მიჰყავდა უფსკრულამდე. ივანიშვილთან ჩვენი პოლიტიკური კონტრაქტი გულისხმობდა იმას, რომ ივანიშვილი მიდიოდა პოლიტიკიდან და ქვეყანაში მრავალპარტიული კოალიციური მმართველობა დამკვიდრდებოდა. ივანიშვილმა ეს ვერ მოახერხა, ივანიშვილმა უღალატა თავის პრინციპებს, თავის სიტყვებს და თავის განაცხადს მსოფლიოს წინაშე. ესაა პრობლემა და ესაა მოსაგვარებელი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ოლიგარქია, ისევე, როგორც კორუფცია, ძალადობა და ქურდობა, არის მოვლენა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს.
„ივანიშვილი გავიცანი 2011 წლის ნოემბერში. მანამდე რას აკეთებდა, არ ვიცი. ვინც აკეთებდა და ვისთანაც თანამშრომლობდა, ეს ნათქვამი მაქვს, კი. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სააკაშვილისთვის ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფინანსური დახმარება თურმე არავის არ აღმოუჩენია. ჩვენ, რომ გვეუბნებოდნენ, რომ ვითომ რაღაც უცხოური ფონდები იყო, რომლითაც სახელმწიფო თანამდებობის პირების ხელფასები გაუზარდა 2004-2005 წლებში, თურმე ამ ფულს ივანიშვილი იხდიდა. ეს ყველამ შემდეგ გავიგეთ. გასაგებია, კეთილი ზრახვები ჰქონდა, თუ ისე იყო, მაგრამ დღეს ქვეყანა მოვიდა იქამდე, სადაც მოვიდა. ოლიგარქი ივანიშვილის ახალი გვარი არ არის. ბიძინა ოლიგარქზე კი არ ვსაუბრობთ. ოლიგარქია, ისევე, როგორც კორუფცია, ისევე, როგორც ძალადობა და ქურდობა, ესაა მოვლენა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.