დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო და უფრო ებმებიან ერთმანეთთან ბრძოლაში წესების გარეშე
დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო და უფრო ებმებიან ერთმანეთთან ბრძოლაში წესების გარეშე

„ნაცმოძრაობის“ მხრიდან მუქარის ტონი „ოცნების“ მხარდამჭერებზე იყო დაუშვებელი და ეს არის უგუნურება, რომელიც უნდა შეწყვიტოს „ნაცმოძრაობამ“, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ტერმინების შემოტანა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში, როგორიცაა ფაშიზმი,  ჰოლოკოსტი, ეს არის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკისთვის მიუღებელი წითელი ხაზები, არამედ, ზოგადად, საკაცობრიო სტანდარტის უხეში დარღვევა.

„არჩევნების დღის მოახლოების კვალობაზე, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო და უფრო ებმებიან ერთმანეთთან ბრძოლაში წესების გარეშე, რაც ხდება ქვეყნის და საზოგადოების ხარჯზე. ბოლო ხანებში მათ მიერ გაგრძელდა ერთმანეთის უარესობის მტკიცება და ამ პროცესში უკვე გადაკვეთილია პრაქტიკულად წითელი ზღვარი. საჭიროა შეჩერება.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს, ვინც ფაშიზმზე და ჰოლოკოსტზე საუბრობენ, წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რაზე საუბრობენ და რა ხიფათს უქმნიან ქვეყანას, რა პრობლემებს იწვევს ეს საზოგადოებაში და რაოდენ იზრდება მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 27 %-მდეა და, მეორე მხრივ, საკუთარი მოსახლეობის თითქმის მესამედს ფაშიზმში და ჰოლოკოსტში ადანაშაულებს. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და ქართულ პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა. მინდა მივმართო, თუ ვინმეს შერჩა კეთილგონიერება „ოცნების“ მმართველ გუნდში, დროზე შეჩერდეს. ან ბოდიში მოიხადოს ამ ყველაფრისთვის და შეაჩეროს ის ესკალაცია, რაც მგავს ტერმინებს და მსგავს შეფასებებს მოჰყვება, ან თუ მე და ჩვენ ვცდებით, მაშინ კეთილი ინებოს, მიმართოს პრეზიდენტს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, გადადოს საპრეზიდენტო არჩევნები და მართლმსაჯულების წინაშე დააყენოს ყველა, ვინც დამნაშავეა ფაშიზმში, ჰოლოკოსტში და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.