ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ დემოკრატიული პროცესების შედეგად ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ ყველაფერი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ქვეყანა არ დაიქცევა, რადგან მის ნაცვლად სხვა პარტიები გაჩნდებიან.
„პარტია „ლელო“ მომავალ გაზაფხულზე ყრილობისთვის ემზადება. პარტიაში გვაქვს სერიოზული მზადება, ამისთვის გვაქვს კონკურენცია, არ გვაქვს არანაირი დაპირისპირება, გვაქვს ჯანმრთელი პროცესები. მე ვუსურვებ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, რომ დემოკრატიული პროცესების შედეგად ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ ყველაფერი. ეს მათი საქმე, მათი წევრების და ლიდერების პასუხისმგებლობაა და როგორც ჩამოყალიბდებიან, ის იქნება რეალობა. ნიკა მელია თავმჯდომარე იყო და არის, მასთან ძალიან საქმიანი და ცივილური ურთიერთობა მქონდა და მაქვს, ხვალ და ზეგ რა იქნება, ვნახოთ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები გავლენას ოპოზიციაზე თუ იქონიებს? ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი და ძლიერი პარტიები. პარტია არ არის მოცემულობა, ის დინამიკური პროცესია, ეს არ არის კონსტიტუციური ინსტიტუტი. პარტიას აქვს თავისი განვითარების ეპოქები და პერიოდები. „ნაციონალური მოძრაობაა“ ქვეყნის გადარჩენის საუკეთესო საშუალება? – არა, მე მგონია, რომ „ლელოა“. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე დაიქცევა ქვეყანა? – არა მგონია, რადგან გაჩნდება სხვა პარტიები ისე, როგორც ასე ყოფილა. ძალიან მშვიდად შევხედოთ ამ ამბებს, ასე იქნება ხოლმე, მრავალპარტიულობა ნიშნავს იმას, რომ პარტიებს ექნებათ კარგი პერიოდები, რთული პერიოდები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, არ აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება.
„ძალიან გთხოვთ, ეს ჰკითხეთ, იმ პარტიის წევრებს, მათ ამომრჩევლებს. ეს არია მათი საქმე. მე ამ საკითხებით, გნებავთ დავიფიცებ, ან დავიგინებ, გნებავთ, კონსტიტუციას დავადებ ხელს, არ მაინტერესებს. მე რაც მაინტერესებს, იმაზე ვმუშაობ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.