„ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს დაუბრუნდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელ ეტაპზე თქვა უარი წარსულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თორმეტი წლის განმავლობაში, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მათ წარსულზე უარი არასოდეს უთქვამთ, მაგრამ მცდელობები იყო.
„მე, მაგალითად, ხატია დეკანოიძე პარლამენტში გავიცანი და ვინმეს როგორც უნდა უშლიდეს ნერვებს, ის გავიცანი, როგორც, უპირველესად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და მერე პარტიული ინტერესებით მოღვაწე. ასე გავიცანი მე, ასე ვნახე და ვფიქრობდი, შეიძლება, სხვებიც გამოჩნდნენ ასეთები-მეთქი. გავიხსენოთ, რამდენი ფრთა წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხომ? მგონი, ოთხი, ხუთი თუ შვიდი. წარსულთან დაკავშირებით ზოგმა თქვა და ზოგმა არ თქვა. ზოგმა ისე მოიცილა, ვითომ არ ყოფილა ეს და ა.შ. მე იმას კი არ ვამბობ, რა კარგები იყვნენ და ახლა გაფუჭდნენ, უბრალოდ, ახლა დასრულდა რაღაც ეტაპი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი სახელისუფლებო ინსტრუმენტების ჩარევით წარიმართა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
გიორგი გვიმრაძემ გადაცემის სტუმარს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით 2013 წელს გაკეთებული ცნობილი განცხადება შეახსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა და მისი პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“, რაზეც უსუფაშვილმა უპასუხა, რომ არჩევნებში წაგების შემდეგ ყოფილი სახელისუფლებო პარტია უნდა გადარჩეს.
შეკითხვაზე, უნდა მომხდარიყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური დელეგიტიმაცია და რატომ არ გააკეთა ეს „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დელეგიტიმაცია ასე არ ხდება და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა არსებობდეს, რადგან მას მხარს უჭერს ყოველი მეხუთე ან მეოთხე ადამიანი.
„რომელიმე პარტია თუ არის ასაკრძალი, ამის კონსტიტუციური მექანიზმი არსებობს. მე და თქვენ რამეზე შევთანხმდით და არ მომწონს, მოვა ხვალ სხვა ხელისუფლება და იტყვის, მოდით, ახლა „ოცნება“ გავყაროთ და ავკრძალოთო, ასე არ არის. ინდივიდუალურად აგოს ყველამ პასუხი და პარტიის პასუხისმგებლობის არეალი არის თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თუ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში რამე სწორად გააკეთა, ეს ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა თანამდებობებიდან გაყრა არ მოხდა.
„დიახ, იმ არჩევნებში „ოცნებამ“ გაიმარჯვა და „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა, იმის შემდეგ თუ ივანიშვილმა რამე სწორი გააკეთა ამ ქვეყანაში, იყო ის, რომ მაშინვე არ დაერია თანამდებობაზე დარჩენილ „ნაციონალებს“. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი წელი იყო პრეზიდენტი. იმიტომ, რომ კონსტიტუცია ამას ამბობდა და მისი გაგდების ნებისმიერი ქმედება, ეს იქნებოდა 1991-1992 წლების არალეგიტიმურ ჩარჩოში გადასვლა. გიგი უგულავა კიდევ ორი წელი იყო თბილისის მერი და კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო იმდენი ხანი. დიახ, არ გავყარეთ ჩვენ ისინი. იმიტომ, რომ ამ გაყრით სწორედ იმ მარშინის წრეზე დავტრიალდებოდით. არ გავყარეთ ისინი, ნელ-ნელა უნდა გაგვეშვა და გავუშვით. ეს იყო ამოცანა. თვითმმართველობის არჩევნები ორი წლის შემდეგ ჩატარდა, 2014-ში და მაშინ შეიცვალა თვითმმართველობის დონეზე ხალხი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.