დავით უსუფაშვილი - მე, მამუკას და ბადრის აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს იმ საკითხში, რაც სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ურთიერთობას ეხება
მე, მამუკას და ბადრის აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს იმ საკითხში, რაც სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ურთიერთობას ეხება, – ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა ეკლესიის მიმართ მისი, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დამოკიდებულება განსხვავებული.
„ამ კონკრეტულ საკითხში აბსოლუტურად ვერ ვხედავ განსხვავებას ჩემს, მამუკასა და ბადრის შორის. ჩვენ შორის ბადრი არის ყველაზე უფრო ეკლესიური მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეკლესიური – ყველაზე მაღალი გაგებით. ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს იმ საკითხში, რაც სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ურთიერთობას ეხება. მოკლედ, ამ საკითხში ერთად ვართ, ძალიან მყარად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა ახალი თანაგუნდელები მის განცხადებას, რომელიც მან კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ გააკეთა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზეც, რასაც ეკლესია გადაწყვეტს, დავით უსუფაშვილმა განცხადა, რომ თუ სახელმწიფო ზნეობაზე, კანონებზე და ინსტიტუტებზე დაყრდნობილი არ არის, პრობლემები იქნება.
„როდესაც პატრიარქის იუბილეს ვზეიმობდით, მე მას პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ფილარმონიის სცენიდან მივმართე – დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ იმისთვის, რომ ზიდოთ ტვირთი, რაც თქვენ არასწორად და დაუმსახურებლად დაგეკისრათ, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტები არიან, სასამართლო არ გვაქვს და ადამიანები იყურებიან, რომ სამართალი სადღაც იპოვონ-თქო; მორალური პრინციპები საჯარო ცხოვრებიდან ნელ-ნელა გაირიყა და მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმებისა და სტანდარტების საპოვნელად ადამიანები მხოლოდ თქვენკენ იყურებიან-თქო. ასე შეუძლებელია. თუ სახელმწიფო ზნეობაზე, კანონებზე და ინსტიტუტებზე დაყრდნობილი არ არის, პრობლემები იქნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.