„ლელოსთან“ თანაცხოვრება შესანიშნავად მიდის, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს იყო ჩემი ძალიან გააზრებული გეგმა და არჩევანი. როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა „შენების მოძრაობა“ დავაფუძნეთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენი ხედვა და ამოცანა იყო, მოგვეძებნა და გვეპოვა პარტნიორები, რომლებსაც განახლების ენთუზიაზმი, სურვილი და ამბიცია ექნებოდათ. განახლებაში ვგულისხმობ სრულიად სხვადასხვა ტიპის გამოცდილების შეგროვებას პოლიტიკური პარტიის წინსვლისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ახერხებს თანაცხოვრებას ახალ პოლიტიკურ გუნდთან.
შეკითხვაზე, რამდენად კარგად სწავლობენ პოლიტიკოსის ქცევებს მისი ახალი პარტნიორები, რადგან მაგალითად, როცა მამუკა ხაზარაძე მედიას ინტერვიუს აძლევს, ამბობს, რომ მას სხვა თემაზე უნდა ლაპარაკი და ჟურნალისტმა სხვა შეკითხვა არ უნდა დასვას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ მას, ან მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ ეს ხარვეზი აქვთ და ეს საკითხიღა დარჩათ გამოსასწორებელი.
„მართლა მოხარული ვარ, თუ ეს პრობლემაღაა დარჩენილი ჩემთან, მამუკასთან, ან სხვასთან. მამუკა არ არის საზოგადოებისთვის უცხო პირი, პოლიტიკა არ არის საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობის ერთადერთი ფორმა და როცა ის ბიზნესში იყო, არ იყო ბიზნესმენთა იმ წრიდან, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობა არ ჰქონია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.