დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებამ დღეს აღიარა, რომ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნება
ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, მარტივად დააღწიოს თავი იმ წნეხს, რომელშიც იმყოფება ქართველი ხალხისგან, ოპოზიციისგან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პირველად, ხელისუფლებამ თქვა, რომ არსებული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება სწორი არ იქნება.
„მინდა, ტელემაყურებლებსა და საქართველოს მოქალქეებს კიდევ ერთხელ მივმართო, რომ ამ პროცესებში ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, მარტივად დააღწიოს თავი იმ წნეხს, რომელშიც იმყოფება ქართველი ხალხისგან, ოპოზიციისგან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. დღეს, მესამე შეხვედრაზე, პირველად ხელისუფლებამ თქვა, რომ დიახ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი. დღემდე ისინი სულ ლაპარაკობდნენ, რომ არ მოგვწონს არც გერმანული, არც მოდიფიცირებული, არც მრავალმანდატიანი და არაფერი, და აგერ არის კოდექსი და ამით ჩავატროთ არჩევნებიო. დღეს პირველად თქვეს რომ, დიახ, ცვლილება საჭიროა“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
თუმცა, უსუფაშვილის თქმით, მმართველი პარტია ცვლილების კონკრეტულ მოდელად ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ არც ერთ მოდელს არ ეთანხმება.
„ჩვენი ეს მოთხოვნები ძალაში რჩება, მაგრამ ამასობაში კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, ჩვენი მხრიდანაც და ყველას მხრიდან, ახლა უკვე ხელისუფლების ხმრიდან, ველით კონკრეტულ პოზიციას, როგორც ამბობენ, რომ არსებული სისტემა შესაცვლელია და არ ივარგებს ასე არჩევნების ჩატარება, კონკრეტულად რას გულისმხობენ. ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება. ყველას მინდა მივმართო, რომ ერთი და ორი შეხვედრით ასეთი თემები ვერ ლაგდება, იმხელა ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ ქვეყანა პროპორციული არჩევნების ჯერ დაპირების და შემდეგ ჩაგდებით, რომ ამის გამოსწორებას დრო დასჭირდება. და რაც მთავარია, არჩევნები ყველა შემთხვევაში იქნება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში რაც შეიძლება სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, თორემ ყოველი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებს უკვაშირდება, ქვეყანას დაუჯდება ძვირად. ამიტომ, ვართ მოთმინებით, ვართ პრინციპულები და ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, თქვას, დამთავრდა პროცესი და წავედით სახლებში. დღევანდელი მდგომარეობით, მათ აქვთ აღიარებული, რომ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება არ იქნება კარგი და სწორი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ მსჯელობაზე მათ პრაქტიკულად ვერაფერი გვითხრეს გარდა იმისა რომ, ეს ხომ ჩვენ არ მოგვცემს საშუალებას, მაგალითად 48 პროცენტიანი უმრავლესობით მივიღოთ ნახევარზე მეტი ადგილი პარლამენტში. ჩვენც ზუსტად ამას ვეუბნებით, რომ პროპორციულობა და სამართლაინობა იმას ნიშნავს, რომ სისტემა ისე უნდა შეირჩეს, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში წარმოდგენილები იყვნენ მოსახლეობის მხარდაჭერის დონის მიხედვით. ჯერჯერობით ამისთვის მზად არ არიან. არ მალავენ, რომ გარკვეული პრობლემები არის გუნდში და აქვთ ეს იდეაფიქსი, რომ თუ თვითონ არ იქნებიან ხელისუფლებაში, ამით ქვეყანა დაიღუპება, სტაბილურობა დაიქცევა. ამით არაფერი დაიქცევა, პირიქით ქვეყანა წინ წავა, რადგან ცვლილებაა საჭირო და 8 წლის თავზე ნებისმიერი ხელისუფლება იდეაში უნდა ემზადებოდეს სახლში წასასვლელად. მოუწევს „ქართულ ოცნებასაც“ ამასთან შეგუება“ ,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.