დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება პოლიტიკურად დევნილს დაარქმევს თუ არა ვინმეს, მან იცის, რომელ საქმეებზეა საუბარი, მათ მოგვარებას სჭირდება დრო და ყველამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხელისუფლება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით დევნილს დაარქმევს თუ არა, მთავარია სწორი ნაბიჯის გადადგმა.
უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების პოლიტიზება დაუშვებელია და ამის უზრუნველსაყოფად კონკრეტული, ლეგიტიმური ნაბიჯები გადაიდგმება.
უსუფაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ იცის, რომელ საქმეებზეა საუბარი და ამ საქმეების მოგვარებას გარკვეული დრო, პროცედურები და გადაწყვეტილებები სჭირდება.
აქედან გამომდინარე, დავით უსუფაშვილი სთხოვს ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, რომ ცოტა მეტი მოთმინება გამოიჩინონ.
„ხელისუფლება გულისხმობს, ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ არიან პოლიტპატიმრებიო. ამასობაში ხელისუფლებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის დაუშვებელი, დაუშვებელია არჩევნების პოლიტიზება და ამის უზრუნველსაყოფად გადაიდგმება კონკრეტული, ლეგიტიმური, კანონიერი ნაბიჯები.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვინმეს რამეს დაარქმევს თუ არა, მან იცის, რომელ საქმეებზეა საუბარი და ამ საქმეების მოგვარებას სჭირდება გარკვეული დრო, პროცედურები, გადაწყვეტილებები, რომელიც არ არის პოლიტიკურად გადასაწყვეტი, არის სათანადო ორგანოებში და სისტემაში გადასაწყვეტი.
ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც, მოსახლეობასაც, რომ ამ კომპონენტის უზრუნველყოფის და შესრულების ნაწილში ცოტა მეტი მოთმინება გვქონდეს, რადგან ამას ობიექტურად სჭირდება დრო, ამაზე ზედმეტად ლაპარაკი გააფუჭებს ამ საქმესაც და საარჩევნო შეთანხმებასაც. მე ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, რადგან მინდა მივიღოთ შედეგები და არავის ჰქონდეს პრეტენზია, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი. ხელისუფლება იმ ვინმეს პოლიტიკურად დევნილს დაარქმევს, თუ არა, მაგრამ სწორ ნაბიჯს გადადგამს, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია “ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.