დავით უსუფაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტში დამფინანსებელი თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს და დაფინანსების მიმღები არის მის კონტროლქვეშ, ამერიკის კანონი კი პირიქით არის აწყობილი
„ხალხის ძალის“ კანონპროექტიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე არის აღიარებული იმ საკმარის ფაქტად, რომ დამფინანსებელი თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს და დაფინანსების მიმღები არის მის კონტროლქვეშ, ამერიკის კანონი კი პირიქით არის აწყობილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მე პრობლემა მაქვს მათთან, რომლებიც თვალებში გვიყურებენ და ვითომ ვერ ხედავენ, რა ხდება ამ კანონპროექტით. ბატონი კობახიძე საჯაროდ ამბობს, შევარბილეთ რაღაცები, ეს კანონი ასე კი არა, ასე გავაკეთეთო და აქ კი საერთოდ არ არის მითითებული. ახლა იმ ჯგუფის ხელით და სახელით რაღაც უნდა შემოვიდეს და ქვეყანაში ამაზე უნდა იყოს გნიასი. ვინც მხარს უჭერთ, მოაწერეთ ხელი ამ კანონპროექტს. მგონი, ეს არის პარლამენტში სწორი წესები, ვისაც რისი გვჯერა, იმაზე ვიდებატოთ. ვიღაც ვიღაცის უკან და ზურგს უკან არის დამალული, რომ ბატონი კაჭარავა არის ამ კანონპროექტის ავტორი, მან ჩახლართა ყველაფერი, მან შეისწავლა ეს ყველაფერი და სხვები, მმართველი პარტია არაფერ შუაშია, ეს ასე არ გამოვა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში „ამერიკული არაფერი არ არის“.
„ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე არის აღიარებული იმ საკმარის ფაქტად, რომ დამფინანსებელი თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს ამ ქვეყანაში და დაფინანსების მიმღები მის კონტროლქვეშ არის, გავლენის ქვეშ, მის მითითებებს ასრულებს. ამერიკის კანონი პირიქით არის აწყობილი. ამერიკის კანონი აცხადებს, რომ თუ ვინმე თავისი ინტერესის განსახორციელებლად ჩემს ქვეყანაში ვიღაცას აქცევს თავისი კონტროლის დაქვემდებარების და პირდაპირი მითითებების ქვეშ, მასთან მაქვს მერე საქმეო. ხვდებით განსხვავებას?! ჩვენი მოსახლეობის უამრავი ფენა, რომლებმაც ეს უმძიმესი წლები გადაიტანეს, სწორედ იმიტომ, რომ, მაგალითად, „წითელი ჯვარი“ ეხმარებოდა, „წითელი ჯვარი“ ცხადდება ამითი უცხო ძალად. „წითელი ჯვარი“ თუ მისცემს რაღაც კაპიკებს რომელიმე ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ვეტერანებზე თუ დაჭრილებზე და ა.შ. თურმე ეს ხალხი იმათი ინტერესების გამო მუშაობს. დავუფიქრდეთ, რაზეა საუბარი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ კანონპროექტის ამერიკულ და რუსულ კანონებთან შედარება კატეგორიულად მიუღებელია. მათივე შეფასებით, მათ მიერ ინიცირებული პროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.