დავით უსუფაშვილი - იყო პერიოდი, რთველს თავდაცვის მინისტრი ატარებდა, თბილისის მერი ომის წინა ხაზზე იყო, კარგია, რომ შოვში ბევრი თანამდებობის პირი ვნახეთ, მაგრამ ჩვენ სისტემის მუშაობა გვაინტერესებს
გვაწუხებს სისტემური პრობლემა, რამდენად არის ქვეყანა, სახელმწიფო მობილიზებული და თავისი ფუნქციების შემსრულებელი, რომ კატასტროფების, ნებისმიერი სხვა უბედურების დროს ჩვენ გვქონდეს იმედი და მოქალაქეს თამამად ვუთხრათ, რომ საქმე აბარიათ ადამიანებს, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე, იციან უფლებამოსილება, ვალდებულება და სისტემა მუშაობს, – ამის შესახებ „„ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„წინა ხელისუფლების დროს იყო პერიოდი, როდესაც რთველს თავდაცვის მინისტრი ატარებდა, რუსეთთან ომის დროს, ცხინვალის რეგიონში, საომარ ოპერაციებში თბილისის მერი იყო წინა ხაზზე. შოვში ჩვენ ბევრი თანამდებობის პირი ვნახეთ, კონკრეტულად იქ მყოფი. კარგია ეს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, სისტემა როგორ მუშაობს.
ბატონო ვახტანგ, ვიცი, რა ხათაბალა საქმე გაბარიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ. შეიძლება, დაგავიწყდათ, მაგრამ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა გაქვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ბრძანდებით. ამიტომ ვერანაირად მივიღებ აქ იმ პასუხებს, რომ, იცით რა, ეს შსს-ს არ ეხებოდა, რადგან თავდაცვის სამინისტროს საქმეა, ეს გეოგრაფებისა და ჰიდროლოგების საქმეა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ან ვახტანგმა, ან დათომ ეს ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ცოდნა, გამოცდილება თავს იყრიდეს. სად უნდა იყრიდეს? უსაფრთხოების საბჭო ამიტომ გვაქვს. უსაფრთხოების საბჭოში სიტუაციების ოთახი ამიტომ გვაქვს, ბრიტანელებმა იმიტომ ჩაასხეს ამდენი ოფლი და ფული, რომ ჩვენც გვქონოდა ცივილიზებული სისტემა იმისა, როგორ უნდა ხდებოდეს თანამდებობის პირების შეკრება, გადაწყვეტილების მიღება, საკითხების მოწესრიგება. ამას ვერ ვხედავთ. სამწუხაროდ, ის სწორი და კარგი ნაბიჯებიც, უმეტეს შემთხვევაში, ისევე მარიფათიანი ბიჭებისა და გოგოების დამსახურებაა, როგორც წინა ხელისუფლების დროს ის მარიფათიანი ბიჭები და გოგოები რაღაცებს აკეთებდნენ. ოღონდ როდესაც ასე უსისტემოდ და არაფორმალურად ხდება საკითხებთან გამკლავება, იქ დიდია რისკი და გარდაუვალია არასწორი გადაწყვეტილებები, შეცდომები, ის ვითარებები, რაც აქ გვაქვს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს სისტემა, როდესაც ყველამ იცის, ვინ სად უნდა იყოს.
„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სულ რომ არ იციან, წყალდიდობა რა არის, იქ არსებობს სისტემა, როგორც მტრის თავდასხმის შემთხვევაში მობილიზება, როდესაც ყველამ იცის, ვინ სად უნდა იყოს. პირადი პრობლემები ყველგან არსებობს და არის ვითარებები, როდესაც ვიღაც ვერ არის სადღაც. მაგრამ იმ სისტემაში ისიც არის მოგვარებული, რომ ვიღაცას პირადის გამო არ შეუძლია, სხვა შემოდის იმ საქმეში. ამის შესახებ საზოგადოებაც ინფორმირებულია, კოლეგებიც და ყველა, ვისაც ეხება. საქმე მიდის წინ. ამ ტრაგედიის შემდეგ, როდესაც საქმიანი კითხვებია დასმული, არც არავის ვინმეს გადადგომას ვითხოვ, არც ჩამოხრჩობას, არც მყინვარის დნობას ვაბრალებ, არც იმას, რომ მათ კისერზეა მსხვერპლი, არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ, გვინდა, რომ ასეთ ვითარებებში ქვეყანა იყოს უფრო მზად, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ხალხთან კომუნიკაციის თვალსაზრისით.
მინდა, ბატონ მინისტრს ვუთხრა, რომ არ არის ისე, რომ საქმე არ გაგიკეთებიათ იქ, ბევრი რამ გააკეთეთ და ვწუხვართ, რომ გარდაიცვალნენ და ასე შემდეგ, მაგრამ გთხოვთ, რომ ამ ყველაფრიდან გაკვეთილებიც გამოვიტანოთ, რომ სისტემა აეწყოს უკეთ. მეტი არაფერი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.