დავით უსუფაშვილი - ივანიშვილის ინტერესია, გააღიზიანოს ყველა, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის
ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, გააღიზიანოს ყველა, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის და ემოციურ ფონზე მოიპოვოს უპირატესობა ამ მაღალტემპერატურიან სამოქალაქო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლოლებებთან დაკავშირებით განუცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ცვლილებებით ძალოვანი სტრუქტურები გაამაგრა.
„ივანიშვილმა შექმნა საარჩევნო, ცივი ომის მთავრობა. ეს არ არის ქვეყნის მართვის გამიზნული მთავრობა, ეს არის პრაქტიკულად საარჩევნო შტაბი. ამას სხვა ანალიზი არ უხდება. მან გაამაგრა ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც დამნაშავესთან და მტერთან საბრძოლველადაა მოგონილი და საზოგადოების მინიმუმ ნახევარს უთხრა, რომ მე აღიქვამთ დამნაშავედ და მტრად. სხვა პოზიტიური, გაკეთებული და იმედის მომცემი მას აღარაფერი შეუძლია, შესთავაზოს საზოგადოებას. გახარიას დანიშვნის მეორე ასპექტია ის, რომ ძნელად მოიძებნებოდა სხვა კანდიდატი, რომელიც შეძლებდა ამ დონეზე გაეღიზიანებინა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ოცნების ამომრჩეველი არ არის. ივანიშვილის ინტერესიც ზუსტად ეს არის, რაც შეიძლება მეტად გააღიზიანოს ყველა, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის და ემოციურ ფონზე მოიპოვოს უპირატესობა ამ მაღალტემპერატურიან, სამოქალაქო დაპირისპირებაში.
როცა ზოგადად ლიდერი, ამ შემთხვევაში, ივანიშვილი ასე ცინიკურ ნაბიჯს დგამს, ამას მოჰყვება მღელვარება, გაბრაზება და იმ უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ნათლად ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, ანუ საზოგადოების გამთლიანების ნაცვლად, რაც ივანიშვილის მთავარი ამოცანა და დაპირება იყო, ეს უფსკრული კიდევ უფრო გაფართოვდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, ეს ცვლილებები ნიშნავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობებში ქვეყანა გაპასიურდება.
„ლოგიკური იყო ღარიბაშვილისთვის, თანამდებობა სჭირდებოდა მთავრობაში. გახარია კი სჭირდება, მაგრამ ბოლომდე არ ენდობა და ღარიბაშვილი სჭირდებოდა, გარკვეულწილად დაზღვევად გახარიასთან ურთიერთობაში. სამთავრობო ცვლილებები, მათ შორის თავდაცვის მიმართულებით არის მკაფიო გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველოში, როგორც მინიმუმ ინტეგრაციის პროცესში გაპასიურდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.