დავით უსუფაშვილი - ის ოპოზიციონერები, რომლებსაც პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი აკვრიათ შუბლზე და კულუარული გარიგებების დიდოსტატები არიან, ახლა ცდილობენ, სხვას მიაწებონ ეს იარლიყი
პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკვრიათ შუბლზე და კულუარული გარიგებების დიდოსტატები არიან, ახლა ცდილობენ, სხვას მიაწებონ ეს იარლიყი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითიც ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლების „ქართულ ოცნებასთან“ კულუარული შეხვედრების შესახებ.
„არ მინდა, ისე ვუპასუხო ოპოზიციის იმ ნაწილს, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მაინც ვუპასუხებ ისე, როგორც იმსახურებენ. პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკვრიათ შუბლზე და კულუარული გარიგებების დიდოსტატები არიან, ახლა ცდილობენ, სხვას მიაწებონ ეს იარლიყი უსაფუძვლოდ. ჩვენ, „ლელომ“ და ოპოზიციის ნაწილმა, ოფიციალურად დავარეგისტრირეთ კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ. მისი საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნა, ამ მოსმენაზე პირადად მე მივმართე უმრავლესობას, რომ შეგვეჩერებინა პროექტის განხილვა მეტი კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ პარლამენტში ამ დროს მოძრაობდა „ქართული ოცნების“ პროექტიც და გვქონდა განცდა, რომ ეს პროექტები ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება. მე პირადად არაერთხელ განვაცხადე, რომ სანამ ხელისუფლების კანონპროექტი გადის ექსპერტიზას ვენეციის კომისიაში, ჩვენ გვაქვს დიალოგი, რა საკითხი იქნება გათვალისწინებული ჩვენი კანონპროექტიდან. ჩვენ პროექტთან დაკავშირებით ვლაპარაკობდით ღიად მედიის საშუალებითაც და ვლაპარაკობდით უმრავლესობის წევრებთანაც. მივმართავ ოპოზიციური ჯგუფების იმ ნაწილს, კულუარული გარიგებების დიდოსტატებს, ვისაც ისე აწუხებთ ეს იარლიყი, რომ ახლა უნდათ, ეს სახელი ჩამოიცილონ, და მეორე, ისე აწუხებთ იმ უაზრო სამუშაო ჯგუფებში შესვლა და უშედეგოდ გამოსვლა, რომ ახლა ჩვენ გვერჩიან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, აღმოჩნდა, რომ სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს, საარჩევნო საკითხებზე ორჯერ შეხვდა „ქართულ ოცნებას“. მისივე თქმით, ამ ფონზე ჩნდება კითხვა, ვის უცხადებენ ეს პარტიები ბოიკოტს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა კი აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ოცნებასთან“ ფარულად საუბრობენ და მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რაზე ევაჭრებიან „ოცნებას“.