ეგზიტპოლების შედეგებით დასკვნებს არ გავაკეთებთ, დარწმუნებული ვარ, მეორე ტური იქნება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადავლენ.
„დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იქნებიან. არ ვიცი, რომელი იქნება პირველი და რომელი მეორე ადგილზე, მაგრამ ამ ღამით ამისთვის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მინდა, მივმართო საარჩევნო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საარჩევნო ოქმებში ამომრჩევლის ხმების ასახვა ევალება, დაიცვას კანონი.
არჩევნები დამთავრდა, ამ წუთიდან მთავრობა, ხელისუფლება აღარ არიან პოლიტიკური მხარე და მათ უნდა უზრუნველყონ ამომრჩეველთა ხმების ობიექტური და ადეკვატური დათვლა. ეს არის მათი ამოცანა. რა მძიმე შედეგიც მიიღეს არის იმ უგუნური პოლიტიკის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. ვაფრთხილებდით, რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანდა. საფრთხობელად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც იქნებოდა და თავის საცეცებს გამოაჩენდა. დღეს ელექტორატმა პროტესტი სწორედ „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა და ეს გაკვეთილი უნდა გაიზიაროს ყველამ.
როგორც ჩანს, არის ვითარება, რომ თაგვმა თხრა თხარა და კატა გამოთხარა. არ არის სწორი ყველგან თხრა, ეს მწარე გაკვეთილი უნდა დაინახოს „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.