დავით უსუფაშვილი - გამოიკვეთა თემები, სადაც შესაძლოა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, მათი მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დავუჭიროთ მხარი
შეხვედრებისას გამოიკვეთეთ ის თემები, სადაც შესაძლოა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, მათი მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დავუჭიროთ მხარი, არის ორი სამი ასეთი შესაძლებლობა, დანარჩენს ვნახავთ უკვე პროცესში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ევროპა ელოდება კონსოლიდირებულ და შეთანხმებულ პოზიციას და ამის ეტაპი უკვე სექტემბრიდან დაიწყება.
„მზად ვართ მოვისმინოთ ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტები და საკითხები, ვიქნებით განწყობილი კონსენსუსის ძიებისკენ.საინტერესო პროცესია გენდერული კვლევების საბჭოში პარლამენტში, სადაც მუშავდება იდეები ამ მიმართულებით, რომელშიც ჩვენი წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, არასამთავრობო სექტორიც და საბოლოო პროდუქტი თუ იქნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციების, შესაბამისი ჩვენ ცხადია, მხარს დავუჭერთ და ალტერნატივაზე არ ვიფიქრებთ. არის თემა მაგალითად საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გათვალისწინება, ჩვენი სასამართლოს მიმართულებით, აქაც ვიცით, რომ ჩატარდა მუშაობა და შესაბამისად, შესაძლოა, ეს პროექტი იყოს მისაღები და ჩვენ მხოლოდ ცვლილებების გზით წავიდეთ. მაგრამ არის ძალიან პრინციპული საკითხები.
მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმა, რომელზეც ხელისუფლება პრაქტიკულად ამბობს, რომ ბევრი არაფერია გასაკეთებელი და ყველაფერი გაკეთებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან კომპლექსური და ყოვლისმომცველი კანონპროექტი, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში სერიოზული ცვლილებები. ასეთ თემებზე თუ ხელისუფლება არ აპირებს მსჯელობას, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება. ასევე იქნება სერიოზული ინიციატივა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით. არის თემები, რომლებზეც საწყისი პოზიციები იქნება განსხვავებული. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ შესანიშნავი სტარტი, რათა წინ წავსულიყავით ერთად, ეს იყო ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, ანუ ერთად ინიცირებული დოკუმენტის კვლავ ერთად მიღება და სამუშაო გეგმის ერთად შედგენა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ თავისი კურსი და გეგმა ჰქონდათ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.