დავით უსუფაშვილი - გადაწყვეტილების მიღების დროს ეკლესიის პოზიცია უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი
საერო საკითხებში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებებმა და სტრუქტურებმა, ეკლესიის პოზიცია გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი პოზიცია, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სინოდის კრების ოქმის იმ ნაწილის შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „კანაფის დამზადების ნებართვა, ფაქტობრივად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“.
„არ მიკვირს, რომ ეკლესიის პოზიცია ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით არის ულტრაკონსერვატორული და არა ულტრალიბერალური. ესაა ეკლესიის ბუნება ყველა ქვეყანაში, ყველა ეპოქაში. ამიტომ მგონი ყველამ ყურადღებით უნდა მოვისმინოთ ეს მოსაზრებაც, მაგრამ საერო, საჯარო საკითხებში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებებმა და სტრუქტურებმა. მათთვის ეკლესიის პოზიცია გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი პოზიცია. ამავე პოზიციაზე არის ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომ მომხმარებლის უდანაშაულოდ ცნობა გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების გაძლიერებას.
მე მგონია და მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ნარკოტიკის მომხმარებლის დამნაშავედ გამოცხადებით ჩვენ ვერც ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობას ვამცირებთ და ვერც ადამიანების გამოსწორებას ვუწყობთ ხელს. მე არ ვარ ლეგალიზაციის მომხრე, მე ვარ მომხრე მოხმარების დეკრიმინალიზაციის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე ახდენს თუ არა ეკლესია გავლენას სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არ ახსენდება, საპატრიარქოს ხელისუფლებაზე ძალა გამოეყენებინოს.
„არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც საპატრიარქოს ძალა ეხმარა ხელისუფლებაზე რამე გადაწყვეტილების მიღების ან არ მიღების დროს. ხელისუფლებაში ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, ისეთ მყარი ხერხემლის მქონე ადამიანები, რომლებიც ყველა არგუმენტს მოისმენენ, ყველა მხრიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, ეკლესიიდან, ახალგაზრდობიდან და აიღებენ პასუხისმგებლობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე რასაც ვაკვირდები, ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი და სახელმწიფო მოხელე, ეს მარტო “ქართული ოცნების” პრობლემა არ არის, ამოეფარება ხოლმე ეკლესიის ავტორიტეტს, თუ გევალება გადაწყვეტილების მიღება, უნდა მიიღო და აგო პასუხი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.
წმინდა სინოდის წევრები მიიჩნევენ, რომ „კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“.