ჩვენს მიერ შეთავაზებულ გერმანულ გამოცდილებაზე დამყარებულ ქართულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ეუთო-ს არ აქვს არც ერთი კითხვა აღნიშნული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებს იძლევა.
„მათ შეისწავლეს ჩვენს მიერ შეთავაზებული გერმანულ გამოცდილებაზე დამყარებული ქართული მოდელი და მათი დასკვნა არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი 11 გვერდზე. ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, იგი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეუთო-ს არ აქვს არც ერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, ისეთი, როგორიცაა, ხომ არ დაიხვეწოს ბიულეტინის შევსების წესი, ცესკო-ს უფრო მეტი ვადა ხომ არ მიეცეს შედეგების შეფასებისთვის და ასეთი საკითხები“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის შეფასებით, უსაფუძვლოა სპეკულაციები იმის თაობაზე, ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი კონსტიტუციურია თუ არა.
ამასთან, უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ეუთო-ს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის მზადაა.
„შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთო-ს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის წინასწარ ვიყავით მზად და ახლაც ვადასტურებ, რომ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ხელისუფლების წარმოდგენებს ამ თემაზე, მათ აქვთ აკვიატებული საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება და გვეუბნებიან, აბა სად წერს ეუთო, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება? ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საქართველოს სასამართლო წყვეტს საბოლოო ჯამში ყველა დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არ სვამს არც ერთ საკითხს, ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო. იქ, სადაც ასეთი კითხვა ებადებოდა, მოლდოვის ერთ-ერთ კანინპროექტთთან დაკავაშირებით, მას არ მორიდებია და ჩაწერა ამ დოკუმენტში, ჩვენ რომ ვიხილავთ ამ საკითხს ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული ფორმულირება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში კითხვებს აჩენს და ამიტომ კარგად დაფიქრდითო. ეს უთხრა იმავე ირგანომ მოლდოვას, რომელმაც ჩვენ გამოგვიგზავნა ეს დასკვნა და მსგავსი კითხვა არ დაუსვამს. ამიტომ სპეკულაციები იმის თაობაზე, კონსტიტუციური არის თუ არ არის, ყოვლად უსაფუძვლოა.
ჩვენი მიზანი ეს დოკუმენტი კი არ იყო, ჩვენი მიზანია სამართლიანი და პროპორციული არჩევნები. ეს დოკუმენტი არის დამხმარე საშუალება ამ ყველაფრისთვის და ის ყველას გვეხმარება იმაში, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან უფრო გამყარდეს.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მოდი, გავაშიშვლოთ ყველაფერი და ვთქვათ, რა ხდება. არანაირი კონსტიტუციურობის პრობლემა მათ არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ ამ დოკუმენტის შინაარსთან. სხვა შემთხვევაში რით ავხსნათ, რომ ისინი კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე მზად არიან, თუკი 100/50-ზე ფორმულა დადგინდება და თავიანთი კაპრიზის დასაკმაყოფილებად, ამ მოდელთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე უარს ამბობენ”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განმარტებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი საარჩევნო მოდელის სისწორე.
დავით უსუფაშვილის აზრით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელი შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალია.
„ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მოდელის სისწორე, გამოსავლად მისი გამოყენების შესაძლებლობა და კიდევ მაქვს მცირე იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, შეისმენს ეუთო-ს დასკვნასაც, ჩვენს მოთხოვნასაც, საზოგადოების მოთხოვნასაც, გაიხსენებს საკუთარ დაპირებასაც, კარგად წაიკითხავს იმ უამრავ წერილს, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან მოდის საქართველოში და გადავდგამთ ნაბიჯს სწორი მიმართულებით. ეს მოდელი არის ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ სხვა თემებზეც ვიყავით მზად და ვართ იმედიანად, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, მოვძებნოთ გამოსავალი “ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.