დავით უსუფაშვილი - დროა, გავაკეთოთ არჩევანი ხვალინდელი დღისთვის და არა გუშინდელი პრობლემებით გადავსებული თავით
წინ არჩევნებია, დამოუკიდებელი საქართველო თითქმის 30 წლისაა და დროა, ერი მოვიქცეთ ისე, როგორც უკვე მოწიფულობის ასაკში შესულ ხალხს ეკადრება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„დროა, გავაკეთოთ არჩევანი ხვალინდელი დღისთვის და არა გუშინდელი პრობლემებით გადავსებული თავით. დღეს, ორი ძალა, მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება გვთავაზობს, ნაბიჯი წინ არ გადავდგათ, მაგრამ ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადავდგათ წინ; ჩვენ მეტი შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი შავს და თეთრს უკვე კარგად არჩევს და ამ არჩევნებში თავისი აქტიურობით პასუხს გასცემს კითხვას, თუ საით წავა საქართველო – ოცნებურ სტაგნაციაში დარჩება, ნაციონალურ ძალადობაში დაბრუნდება, თუ წინ წავა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და ახერხებს თუ არა ის თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავ იმ ვითარებაში იმყოფება, როცა მოსახლეობას კითხვა უჩნდება, ღირს თუ არა არჩევნებზე წასვლა.
„მინდა, მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, ამას ყოველთვის აქვს აზრი და არასწორია საუბარი იმაზე, ხომ არ ელის ჩვენს ხმებს დაკარგვა. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, ამ არჩევნებზე თითოეულმა მოქალაქემ თავისი არჩევანი ხმამაღლა განაცხადოს და ეს საარჩევნო ყუთთან უნდა მოხდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.