დავით უსუფაშვილი - დღემდე თუ ვიყავი დაკავებული „შენების მოძრაობის“ გაძლიერებით, დღეიდან ვიქნები დაკავებული ახალ ფორმატში ჩართული ადამიანების გაძლიერებითაც
მოძრაობა „ლელო“, „ახალი მემარჯვნეეები“ და „შენების მოძრაობა“ გადავდივართ კონსულტაცია-კოორდინაციის რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ნაბიჯებს შევათანხმებთ ერთმანეთთან, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„მომავალ არჩევნებში შესაძლოა, გვიხილოთ პარტნიორებად ერთ პოლიტიკურ გუნდში, შესაძლოა, კონკურენტებად, მაგრამ ევროპული, თავისუფალი საქართველოსთვის მომავლის უზრუნველყოფა, ორპოლუსიანი ვითარების შეცვლა და რეალური ალტერნატივის გამოკვეთა არის ჩვენი საერთო საქმე. ამ თემაზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ დღეს ვხსნით დიალოგს უკვე უფრო ფართოდ. ჩვენ საარჩევნო პროცესს კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა, ვიყოთ საარჩევნო პარტნიორები, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში, პარტნიორები უკვე პარლამენტში. მე თუ დღემდე ვიყავი დაკავებული „შენების“ მოძრაობის გაძლიერებით, დღეიდან ვიქნები დაკავებული ახალ ფორმატში ჩართული ადამიანების გაძლიერებით“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დაინტერესებული არიან, თანასწორ პარიტეტულ საწყისებზე გაგრძელდეს მუშაობა სხვა ორგანიზებულ გუნდებთანაც.
„სააკაშვილი ივანიშვილისთვის მგონი, ყველაზე ღირებული გვარი და სახელია დედამიწის ზურგზე. ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას. ეს მითი და პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს. ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული და ღია, ასეთივე თანასწორ პარიტეტულ საწყისებზე გავაგრძელოთ მუშაობა სხვა ორგანიზებულ გუნდებთან, იქნება ეს პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი. ასევე ინდივიდებთან, რათა ამ ქვეყანას არ გავუჩინოთ საფრთხე, რომ ორი პოლუსის გარდა სხვა გამოსავალი არ არის, დავტოვოთ ეს ქვეყანა ან ჩავბარდეთ ვინმეს ან ვინმემ გაიმეოროს მაგალითად ის, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს ვნახეთ. აი, ამას ნიშნავს ეს, რასაც ნიშნავს. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მამუკა ხაზარაძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადეს, რომ ალიანსს ქმნიან.