დავით უსუფაშვილი - ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, არჩევნების შედეგად საქართველომ მიიღოს პროევროპული სახელისუფლო კოალიცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ადგილს ვერ ვხედავთ
დავით უსუფაშვილი - ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, არჩევნების შედეგად საქართველომ მიიღოს პროევროპული სახელისუფლო კოალიცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ადგილს ვერ ვხედავთ

„ლელო“ დიდი ხანია, ემზადება მომავალი არჩევნებისთვის და თავის პოლიტიკურ სტრატეგიას აწყობს ამ მიმართულებით, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მომავალი არჩევნების შედეგად საქართველომ მიიღოს მკვეთრად, მკაფიოდ და ცალსახად პროდასავლური, პროევროპული სახელისუფლო კოალიცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ადგილს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე სწორი ტაქტიკით გასვლაა საჭირო.

„ჩვენი ღრმა რწმენით, არასწორი ტაქტიკა იქნებოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სხვა ყველა პოლიტიკური ძალა დავდგეთ ერთად და წავიდეთ ისევ იმ პოლარიზებულ გარემოში, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ტაქტიკურად სწორი ამოცანაა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს, რასაც მიიღებს, ეს მათი საქმეა, მათი პლუსების და მინუსების გათვალისწინებით, და ამას არ გადაყვეს საქართველოს მომავალი. საქართველოს სჭირდება მრავალპარტიულობა და არა ორი პარტიის მონაცვლეობა ან ორ ლიდერს შორის დაუსრულებელი ბრძოლა, რასაც ეწირება ქვეყნის კეთილდღეობა. რაც შეეხება არჩევნების შემდგომ კოალიციის ფორმირებას, ეს არის შემდეგი საკითხი, ამაზე ვისაუბრებთ მხოლოდ არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე პარტიები თუ გადალახავენ ზღვარს, უსუფაშვილი პასუხობს, რომ აუცილებლად გადალახავენ.

„ხუთპროცენტიანს გადალახავს. ეს არის ქართველი ხალხის განწყობა, ეს პროცენტები ჩემი და თქვენი დასადგენი ხომ არ არის, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. რა უნდა საზოგადოების უმეტეს ნაწილს, მე ვიტყოდი ნახევარზე მეტს – იხილოს საქართველოში სიახლე და არა მონაცვლეობა ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის. მოქმედ სახელისუფლო გუნდსაც და ყოფილ სახელისუფლო გუნდსაც ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები, ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, გარდა იმისა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სწორია თუ არა ეს არჩევანი. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, რომელიც რაოდენობრივად და ყველანაირი თვალსაზრისით არის მეტი, იმ ხალხს სჭირდება სათანადო შეთავაზება და „ლელო“ მუშაობს ამაზე. ყველა ნაბიჯი ამასთან დაკავშირებით იქნება საჯარო. ამ წუთის მდგომარეობით, „ლელო“ აკეთებს ყველაფერს, რომ როგორც პარტია იყოს საკმარისად ძლიერი, რომ არჩევნებზე თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას. ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ საერთო საქმეში. უნდა დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც ერთ ადამიანზე ან ერთ პარტიაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. „ლელო“ შეეცდება, რომ ძალიან ბევრი რამ იყოს „ლელოზე“ დამოკიდებული და არა – ყველაფერი. ჩვენ არ ვემზადებით გავხდეთ მორიგი 70%-იანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მერე ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს, ამიტომ ყველა თემა ნელ-ნელა გაირკვევა. ეს არ არის დღევანდელობის ამოცანა. დღეს ამოცანა არის, „ლელო“ გაძლიერდეს და იყოს ძლიერი პარტნიორი სხვებისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.